საზღვაო გადაზიდვების სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Stena Rederi საქართველოდან ევროპისა და აზიის ქვეყნების მიმართულებით საზღვაო გადაზიდვების ორგანიზებით დაინტერესდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძისა და კომპანიიის აღმასრულებელი დირექტორის კარლ ჰაგმანის შეხვედრისას აღინიშნა. შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს საზღვაო პოტენციალზე და აღინიშნა, რომ მის განვითარებას მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს საქართველოში საბორნე გადაზიდვების ორგანიზებით ევროპასა და აზიაში უმსხვილესი ოპერატორი კომპანიის დაინტერესება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ კომპანია Stena Rederi – ი დაინტერესებულია შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქართულ და ევროპულ პორტებს შორის საბორნე მიმოსვლის ორგანიზებით და ოპერირებით.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ევროპასთან საბორნე მიმოსვლის ამოქმედება გაზრდის საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის პოტენციალს, ასევე ჩვენი მწარმოებლებისთვის ბევრად უფრო ხელმისაწვდომი გახდება წვდომა ევროპის ბაზრებზე საკუთარი პროდუქციის შესატანად,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
აღნიშნული შეხვედრა შვეიცარიის ქალაქ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. გიორგი ქობულია საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს.