“საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გეგმაში ჩვენი ეკონომიკა და რეფორმების დახმარება ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილს იკავებს”, – განაცხადა ნათია თურნავამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორთან პიტერ ვიბლერთან შეხვედრის შემდეგ, სადაც ახალი სტრატეგიული გეგმა განიხილეს. ახალი სტრატეგიული გეგმა USAID-ის მიერ საქართველოს ენერგეტიკული რეფორმების, მცირე და საშუალო ბიზნესისა და, ზოგადად, ეკონომიკის გაჯანსაღების ხელშეწყობას ითვალისწინებს. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ტურიზმის კრიზისიდან გამოსვლის გეგმაზე, რაც USAID-ის წარმომადგენლების განცხადებით, ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების ფარგლებში განსაკუთრებით პრიორიტეტული იქნება.
„ჩვენ განვიხილეთ ის ნაყოფიერი თანამშრომლობა, რაც გვაქვს წლების მანძილზე ამ ორგანიზაციასთან, რასაკვირველია, USAID-ის ფარგლებში თანამშრომლობა ასახავს ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსა და აშშ-ს შორის და აღსანიშნავია, რომ ამ თანამშრომლობაში ახლა იწყება ახალი ეტაპი, დგება ახალი სტრატეგიული გეგმა, სადაც ჩვენი ეკონომიკა და რეფორმების დახმარება იკავებს ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილს – ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მომავალ პერიოდშიც, ისევე როგორც აქამდე. განვითარდება თანამშრომლობა ენერგეტიკის სექტორშიც, ეს იქნება ენერგეტიკული რეფორმების მხარდაჭერა, ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცება“, – აღნიშნა მინისტრმა.
მინისტრის განცხადებით, USAID-ის ახალ სტრატეგიულ გეგმაში კვლავ მნიშვნელოვანი იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარება, რაც წარიმართება რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ გაძლიერებისა და უცხოელი ინვესტორების მოზიდვის დახმარების თვალსაზრისით.