საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საჯარო მოსმენების ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებული ელჩების მოსმენას აგრძელებს. დღეს კომიტეტის წევრებმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარკ კლეიტონს მოუსმინეს.
„ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს დახმარებას განსაკუთრებით, არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით, ე.წ. აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის გატარებაში თქვენს მხარდაჭერას, როგორც ორმხრივ ურთიერთობებში სხვადასხვა ქვეყნებთან, ასევე, მრავალმხრივ ფორმატებში“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი ელემენტები არის როგორც პოლიტიკური თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხები ასევე, ეკონომიკური და სავაჭრო კავშირები, რაც თავმოყრილია უორდროპის სტრატეგიულ დიალოგში, რომელიც უნიკალური სივრცეა იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყნებმა არსებული პროგრესი განიხილონ და თანამშრომლობის სამომავლო პრიორიტეტები განსაზღვრონ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ორივე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების მიერ უორდროპის დიალოგის საპარლამენტო განზომილების უფრო მეტად გააქტიურება. ნიკოლოზ სამხარაძის განმარტებით, ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა ასევე მოიცავს, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს და უზრუნველყოფს არსებული ეკონომიკური და ბიზნეს კავშირების ბაზას შემდგომი გაფართოებისთვის.
„საქართველომ უფრო მეტი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მაქსიმალურად აითვისოს ის შესაძლებლობები, რომელსაც ჩვენ ეს რეჟიმი გვაძლევს. ამ პროცესის კიდევ უფრო ეფექტიანად წარმართვის მიზნით, მოუთმენლად ველით საქართველოში ბრიტანეთის სავაჭრო წარმომადგენლის დანიშვნას, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს არსებული ეკონომიკური კავშირები და მაქსიმალურად გაიზარდოს ორმხრივი ვაჭრობა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის შემდეგ, სხდომაზე, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მოუსმინეს.
„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია წარმოვადგენდე ჩემ ქვეყანას, რადგან ჩვენ გვაქვს დიდი ხნის ძლიერი და მეგობრული სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც იწყება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი დღეებიდან“ – განაცხადა ელჩმა სიტყვით გამოსვლისას.
ბრიტანელმა დიპლომატმა დიდი ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, არსებულ გლობალურ გამოწვევებზე და საქართველოსთან არსებულ ორმხრივ მჭიდრო ურთიერთობებზე ისაუბრა. მარკ კლეიტონმა ასევე, ისაუბრა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის განათლების, კლიმატის ცვლილების და მმართველობის, ასევე, თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე, რომელიც როგორც ნატო-ს ფარგლებში, ისე ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობას მოიცავს და რისი კარგი მაგალითიც არის დიდი ბრიტანეთის ხომალდების ვიზიტი საქართველოში, კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა და სხვა.
„ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ საქართველოს მუდმივი პროგრესის მხარდაჭერაზე რეფორმების, დემოკრატიული სტანდარტების და კარგი მმართველობის მიმართულებით“, – განაცხადა დიპლომატმა.
ელჩმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი მომავალშიც განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას. სიტყვით გამოსვლის შემდეგ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.