საქართველო რეგიონის წარმატებული ქვეყანაა საინვესტიციო მიმზიდველობისა და სტაბილურობის თვალსაზრისით. საქართველომ ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო კლიმატი შექმნა. ეფექტიანი სახელმწიფო მომსახურება, არაკორუმპირებული სახელმწიფო და თავისუფალი, სამართლიანი და ღია ბიზნესგარემო, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებში აისახა და კვლავაც უმჯობესდება. ჩვენს ქვეყანაში ინვესტირების შემოთავაზებები სულ უფრო მიმზიდველი ხდება რამდენიმე მიზეზის გამო – პირველ რიგში, საქართველოში ინვესტირება მინიმალურ საკანონმდებლო ბარიერებსა თუ ნორმატიულ რეგულაციებთან არის დაკავშირებული. 2014 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ითვალისწინებს საქართველოს თანდათანობით ინტეგრაციას ევროკავშირის ბაზრებზე. DCFTA-ს ამოქმედებულმა რეჟიმმა უკვე გამოიღო პირველი მნიშვნელოვანი შედეგები. საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 15 პროცენტით გაიზარდა 2016 წელს. ამასთან ზოგიერთი ქართული პროდუქტის ექსპორტი ორჯერ და სამჯერაც კი გაიზარდა, მაგალითად, ისეთი პროდუქტებისა, როგორიცაა თხილი, თაფლი, ნავთობ-ზეთები. წელს საქართველო იწყებს ევროპაში თაფლის ექსპორტს, რომელიც, საქართველოდან ექსპორტირებული ისეთი წამყვანი პროდუქტების რიგში ჩადგება, როგორებიცაა ღვინო, თხილი, მოცვი. მეორე – საქართველო, აზერბაიჯანთან ერთად, წარმოადგენს სხვა ბაზრებზე გასასვლელს, მათ შორის ცენტრალური აზიისა და შორეული აღმოსავლეთის ბაზრებზე. ამასთან დაკავშირებით ჩვენ უზრუნველვყოფთ ფიზიკურ წვდომას თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის საშუალებით და ასევე ნორმატიულ წვდომას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების სახით. კერძოდ, ჩვენ დავასრულეთ მოლაპარაკებები და საქართველო რეგიონის პირველი ქვეყანა გახდება, რომელსაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ექნება. ჩვენ მსგავსი შეთანხმებები გვაქვს დსთ-ს ქვეყნებთან, თურქეთთან და ასევე GSP რეჟიმი აშშ-სთან, კანადასა და იაპონიასთან. ჩვენ ვგეგმავთ, წელს ასეთივე ხელშეკრულება დაიდოს ინდოეთთან. ასეთი ლიბერალური რეჟიმის, დაბალი გადასახადებისა და ჩვენი სტრატეგიული ადგილმდებარეობის წყალობით, საქართველო საინვესტიციო შესაძლებლობების მხრივ სულ უფრო მიმზიდველი ხდება. მესამე – საქართველო გვთავაზობს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ბიზნესგარემოს, რომელიც წლიდან წლამდე უმჯობესდება. საქართველოს მთავრობა დღესდღეობით 4 ძირითად სფეროში ახორციელებს რეფორმებს: პირველი – სახელმწიფოში ბიზნესგარემოს გაუმჯობესება – ეს არის საგადასახადო კანონმდებლობა, საგადასახადო ადმინისტრირების რეფორმა და მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა; მეორე – მმართველობის გამჭვირვალობისა და ინკლუზიურობის ზრდა; მესამე – ქვეყნის ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარება – ავტო და სარკინიგზო მაგისტრალები, არსებული და ახალი პორტები და სატრანსპორტო-ლოგისტიკური კვანძები. საქართველო აზერბაიჯანსა და თურქეთთან ერთად ამთავრებს საერთაშორისო სარკინიგზო ხაზის ბაქო-თბილისი-ყარსის მშენებლობას, რომელიც წელს შევა ექსპლუატაციაში. მეოთხე – ეს არის უმაღლესი განათლების რეფორმა. ზემოაღნიშნულ რეფორმებს შორის ერთ-ერთ საკვანძო ინიციატივას წარმოადგენს „სტარტაპების“ მხარდაჭერის პროგრამა. 2016 წლის ივნისში გამოცხადდა ვენჩურული დაფინანსების პროგრამა „Start Up Georgia“. პროექტს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, საპარტნიორო ფონდთან ერთად ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილ იქნა ინოვაციური ბიზნესიდეების შემცველი 720-ზე მეტი განაცხადი. პროექტის მაღალტექნოლოგიური კომპონენტის ფარგლებში მთავრობამ აშშ-ის „სილიკონის ველის“ ექსპერტებთან ერთად განიხილა და შეარჩია 20 ყველაზე ეფექტიანი, „სტარტაპი“. როდესაც საუბარია ბიზნესზე ორიენტირებულ სისტემაზე, საქართველოს აქვს მსოფლიო კლასის პერსპექტივები, როგორც ბიზნესმიმართულებას. ჯერ კიდევ 2015 წელს საქართველოს 23-ე ადგილი ეკავა მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის, მსოფლიო ბანკის რეიტინგში ბიზნესის წარმართვის სიმარტივის ინდექსით. 2017 წელს ეს რეიტინგი 7 პოზიციით გაუმჯობესდა და ჩვენ უკვე მე-16 ადგილი დავიკავეთ. ეკონომიკის თავისუფლების 2017 წლის რეიტინგში საქართველომ დაიკავა მე-13 ადგილი მსოფლიოში და მე-5 ევროპაში. დღეს საქართველო ფსონს დებს ინვესტიციებზე მძიმე და მსუბუქ მრეწველობაში, აგრეთვე მომსახურების სფეროში. ჩქაროსნული მატარებლებით, ახალი საგზაო სისტემებითა და ანაკლიის სიახლოვეს ახალი პორტით – ერთადერთი ღრმაწყლოვანი პორტით შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, რომელიც წელიწადში 12 თვე ფუნქციონირებს და მდებარეობს ყველაზე მოკლე გზაზე ჩინეთიდან ევროპაში, ჩვენ არა მხოლოდ უზრუნველვყოფთ წვდომას ბაზრებზე, არამედ შევქმნით ახალ ბაზრებს. ერთ-ერთ ბოლო ახალ მიღწევას, რომელიც ხვალიდან შედის ძალაში, წარმოადგენს უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელიც მოიწონა ევროკავშირმა. ვიმედოვნებთ, ეს ფაქტი დაგვეხმარება ურთიერთობების გამარტივებაში და გააფართოებს შესაძლებლობებს ბიზნესისთვის საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ვიმედოვნებთ, უახლოეს მომავალში ანალოგიური შესაძლებლობა გაეხსნება ჩვენი მეგობარი ქვეყნის – უკრაინის მოსახლეობას. დარწმუნებული ვართ, სავაჭრო-ეკონომიკურ და სატრანსპორტო სფეროში სუამ-ის თანამშრომლობის გაღრმავება პოზიტიურად აისახება ჩვენი ეკონომიკების შემდგომ რეფორმირებაზე და მოიტანს ხელშესახებ შედეგებს როგორც ჩვენი მეწარმეების, ისე მთლიანად საზოგადოებისთვის. ამ კონტექსტში მივესალმებით ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტის ხელმოწერას, რომლებიც გამიზნულია სუამ-ის თავისუფალი ვაჭრობის ზონის ფუნქციონირების სრულყოფისა და სუამ-ის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის. დასასრულს, მსურს, ყველა თქვენგანი მოვიწვიო საქართველოში, რათა პირადად გაეცნოთ ყველაფერს, რისი შემოთავაზებაც ჩვენს ქვეყანას შეუძლია. წარმატებებს გისურვებთ!
საქართველომ ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო კლიმატი შექმნა
27/03/2017