საქართველომ „უმეტესად თავისუფალი“ სტატუსით ევროპის რეგიონის 44 ქვეყანას შორის პოზიცია ერთი საფეხურით გაიუმჯობესა და მერვე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის – მე-16 პოზიციაზე დამკვიდრდა, – ასეთია Heritage Foundation „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ 2019 წლის კვლევის შედეგი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საერთო ქულა აღემატება როგორც რეგიონის (68.6 ქულა), ისე მსოფლიოს საშუალო ქულას (60.8 ქულა).
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში“ აისახა ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელი ქვეყნის მთავრობამ ბოლო პერიოდში ეკონომიკის განვითარების კუთხით მიიღო. მისი თქმით, განხორციელდა რეფორმა ქვეყანაში კორუფციის აღმოფხვრის მიზნით, შემცირდა და გამარტივდა რეგულაციები, ქვეყანა გადავიდა ღია ბაზრის პოლიტიკაზე, განვითარდა სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა.
„რეგულაციების და საგადასახადო ტვირთის შემცირება ხელს უწყობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას ქვეყანაში და სტიმულს აძლევს მდგრად ეკონომიკურ ზრდას. ანგარიში პოზიტიურ შეფასებას უკეთებს ქვეყნის მონეტარულ სტაბილურობასა და ფისკალურ სიჯანსაღეს, ისევე, როგორც ქვეყნის მაკროეკონომიკურ მდგრადობას,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ.
2019 წლის რეიტინგი შეფასებას აკეთებს შემდეგი 4 მიმართულებით: კანონის უზენაესობა, მთავრობის მოცულობა, რეგულაციების ეფექტიანობა და ღია ბაზარი. აღნიშნული მიმართულებები, თავის მხრივ, მოიცავს სხვადასხვა კომპონენტებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სარეიტინგო ქულა 12 კომპონენტიდან გაუმჯობესებულია 5 კომპონენტში: საკუთრების უფლება (65,9 ქულა), მთავრობის დანახარჯები (73,6 ქულა), საგადასახადო ტვირთი (87,1 ქულა), ფისკალური მდგრადობა (93,9 ქულა) და ფინანსური თავისუფლება (70 ქულა).
საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: ლუქსემბურგი, შვედეთი, ფინეთი, ლიეტუვა, ჩეხეთი, გერმანია, ნორვეგია, ისრაელი, ყატარი, კორეა, იაპონია, ლატვია, ბულგარეთი, პოლონეთი, სომხეთი, სლოვენია, აზერბაიჯანი, უნგრეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, საფრანგეთი, იტალია, მოლდოვა, რუსეთი, ბელორუსია, უკრაინა და სხვა.
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის შეფასება ძირითადად ეყრდნობა ისეთი საერთაშორისო რეიტინგების წყაროებს, როგორიცაა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგი (Doing Business), გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი (GCI), კორუფციის აღქმის ინდექსი (CPI) და მსოფლიო მართლმსაჯულების ინდექსი (WJP).