თბილისის საქალაქო სასამართლო „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ განცხადების დაკმაყოფილებაზე განცხადებას ავრცელებს.
”თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ განცხადება გაფიცვის გადადების შესახებ. საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, განმცხადებლის მოთხოვნას წარმოადგენდა მემანქანეთა – ა(ა)იპ „ერთობა 2013”-ის წევრთა გაფიცვის 30 კალენდარული დღით გადადება.
როგორც სასამართლოში განმარტავენ, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“, 2015 წლის 1 მარტს, წერილობით მიმართეს ა(ა)იპ „ერთობა 2013”-ის – მეტროპოლიტენის ელმატარებლების მემანქანეთა და დასაქმებულთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის წევრებმა და მოითხოვეს: წელთა ნამსახურობის შესაბამისად, საათობრივ სატარიფო განაკვეთზე დანამატის გაცემა; ღამის საათების ანაზღაურება ორმაგი ტარიფით; საათობრივი სატარიფო განაკვეთის მატება ეროვნული ვალუტის ინფლაციის შედეგად გამოწვეული დანაკლისის ასანაზღაურებლად.
”განმცხადებლის განმარტებით, იგი დაუყოვნებლივ ჩაება დავის განხილვაში და შესთავაზა დავის ინიციატორებს, მხარეებს შორის დავის წარმოშობამდე წარმოდგენილი მოთხოვნის – შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ დასაქმებული მემანქანეებისთვის საათობრივ სატარიფო განაკვეთზე წელთა ნამსახურობის შესაბამისად, დანამატის გაცემის საკითხის დაკმაყოფილება, რაზეც ა(ა)იპ ”ერთობა 2013”-ის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს და წარმოდგენილი მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს. მხარეთა შორის წარმოშობილი კოლექტიური დავის განხილვა-გადაწყვეტისათვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დაინიშნა მედიატორი, რომლის უშუალო მონაწილეობით მხარეთა არაერთი შეხვედრა გაიმართა. შედეგად შეთანხმდა მხოლოდ სტაჟის მიხედვით წლიური დანამატის საკითხი.
სასამართლოს განმარტებით, მართალია, გაფიცვის უფლება ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც ევროპული სამართლის ზოგადი პრინციპების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ იგი არ არის აბსოლუტური უფლება და შეიძლება შეიზღუდოს. სასამართლო, საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო საქართველოს შრომის კოდექსის 50-ე მუხლის დანაწესს, რომლის თანახმადაც, თუ საფრთხე ემუქრება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებას ან მესამე პირის საკუთრებას, აგრეთვე, სასიცოცხლო მნიშვნელობის სამსახურის საქმიანობას, სასამართლოს უფლება აქვს გადადოს გაფიცვის დაწყება არა უმეტეს 30 დღით, ხოლო დაწყებული გაფიცვა შეაჩეროს ამავე ვადით. სასამართლოს მიხედულებით, განმცხადებელ შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მოთხოვნა გაფიცვის გადადების თაობაზე სრულად შეესაბამება მოხმობილი ნორმის დანაწესს: მეტროპოლიტენში დასაქმებულთა გაფიცვა უდავოდ საფრთხეს შეუქმნის ამ მუხლში აღნიშნულ მრავალ სიკეთეს, ამავე დროს, ქალაქ თბილისის მოსახლეობის გადაადგილების ჩვეულ რეჟიმს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურებისათვის – სასწრაფო დახმარების, სახანძრო უსაფრთხოების, საგანგებო სიტუაციების სამსახურების ნორმალური ფუნქციონირებისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობის მქონე სამსახურის – მეტროპოლიტენის ნორმალურ ფუნქციონირებას, რის შედეგადაც მოსალოდნელი ზიანის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.
სასამართლოს განჩინება გაფიცვის გადადების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, რაც არ შეაჩერებს ამ განჩინების დაუყოვნებლივ აღსრულებას”, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.