ფოთში, საქართველოს ჰიდროგრაფიულ სამსახურში, კორეის რესპუბლიკის მიერ საქართველოსთვის ჰიდროგრაფიული კატამარანის გადაცემის ცერემონია და „საქართველოს ფოსტის“ მიერ გამოცემული საფოსტო მარკის „საქართველოს საზღვაო შუქურების“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი დაესწრო. მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოს ზღვაოსნობის დიდი ხნის ისტორია აქვს და საქართველოს ფოსტის მიერ გამოშვებულ მარკაზე ამ დარგის ყველაზე დიდი სიმბოლოების – შუქურების გამოსახვა სწორედ ამის დასტურია.
„სიმბოლურია, რომ მარკის პრეზენტაცია იმართება ფოთის შუქურის სიახლოვეს, რომელიც 1864 წლიდან უწყვეტად ფუნქციონირებს. მარკაზე ასევე დატანილია სოხუმისა და ბათუმის შუქურებიც, რომლითაც ჩვენ გვინდოდა აქცენტი საქართველოს საზღვაო ისტორიაზე გაგვეკეთებინა. თუმცა დღეს, ასევე, აღვნიშნავთ საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის ნაყოფიერი თანამშრომლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შედეგს – საუბარია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ჰიდროგრაფიულ კატამარანზე, რომელიც კორეაში დამზადდა და ქართულ მხარეს გადმოეცა”.
კატამარანი აღჭურვილია თანამედროვე ტიპის მრავალსხივიანი ექოლოტით, რომელიც ზღვის სიღრმეების აზომვას მაღალი სიზუსტით ახდენს, რაც სანავიგაციო რუკების შექმნისათვის აუცილებელი კომპონენტია და ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მთავარი გარანტორია. სამხრეთ კორეის მთავრობის ინიციატივით 2020 წლის დეკემბრიდან საქართველოში ოკეანოგრაფიული ინფრასტრუქტურის დანერგვას პროექტი მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში საქართველოს ჰიდროგრაფიას კორეულმა მხარემ ტექნიკური მხარდაჭერა გაუწია, საქართველოს პორტები აღიჭურვა ძვირადღირებული ოკეანოგრაფიული ტექნიკით, ასევე ჩატარდა ერთობლივი კვლევები და საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურის პერსონალი გადამზადდა კორეის რესპუბლიკის ოკეანოგრაფიულ სააგენტოში.
საფოსტო მარკის „საქართველოს საზღვაო შუქურების“ პრეზენტაცია გაიმართა
16/07/2022