საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ორგანიზებით, პარლამენტში დეპუტატებსა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე იმსჯელეს, რომელიც საბანკო და საფინანსო სექტორის შემდგომ რეფორმირებას და ამავდროულად ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას ეხება. მათ შორის, საუბარი შეეხო: – საგადასახდო მომსახურეობის ფინანსურ ტექნოლოგიებს, ღია ბანკინგს, ციფრული ბანკის ლიცენზირებას და ციფრულ ლარს, მიკრობანკების დაფუძნებას და მათ რეგულირებას, ვალუტის პუნქტების რეგულირებას, სესხის გამცემი სუბიექტების დეფინიციის გაფართოებას, ფინანსურ კონგლომერატებს, სხვა არასაბანკო დაწესებულებების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწას და ა.შ. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, დღეს განხილული საკანონმდებლო ინციატივები საფინანსო სექტორის მდგრადობისთვის მნიშვნელოვანია.
„საფინანსო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და მდგრადია, ამ სფეროში რეფორმები კი უნდა გაგრძელდეს. მსგავსი შეხვედრების მიზანია პარლამენტის წევრებმა კანონპროექტების ინიცირებამდე სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ,“ – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ და ხაზი გაუსვა, რომ სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.
ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა შესაბამისი პრეზენტაციები წარმოადგინეს და დეპუტატების კითხვებს უპასუხეს. სამუშაო შეხვედრას ეროვნული ბანკის მხრიდან ესწრებოდნენ: ვიცე-პრეზიდენტები; არჩილ მესტვირიშვილი, პაპუნა ლეჟავა, და შესაბამისი დეპარტამენტის უფროსები.