პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებზე იმსჯელა. „საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ გააცნო დეპუტატებს. მისი თქმით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველო თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით ისარგებლებს. საქართველოსთვის გაიხსნება 10-მილიონიანი მსყიდველობითუნარიანი ბაზარი. სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (თბილისის ნარჩენების გადამუშავების პროექტი)“ წარადგინა. მისი თქმით, პროექტის ღირებულებაა 26 მლნ ევრო, აქედან 22 მლნ არის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან სესხი, ხოლო დანარჩენი – კლიმატის მწვანე ფონდიდან გამოყოფილი თანხა. მისივე თქმით, თანხა გადაეცემა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას. დღესვე გიორგი კაკაურიძემ დეპუტატებს წარუდგინა „2018 წლის 5 იანვრის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი – კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესება)“ N2 ცვლილების შეთანხმება“. მისი თქმით, ენერგოუსაფრთხოების სისტემების რეაბილიტაციისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი 28 მლნ ევროს გამოყოფს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა დეპუტატებს ორი შეთანხმება წარუდგინა: „2017 წლის 12 ივნისის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი)“ N4 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ და „2017 წლის 17 ივნისის „საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი)“ N1 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ , რომელიც ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის დაფინანსების მიზნით აღებულ სესხებს ეხება.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29/04/2024