საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილი შესაბამისობის და ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშები მოისმინეს.
როგორც აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელმა პაატა კვიჟინაძემ აღნიშნა, საქართველოს აუდიტის სამსახურის მუშაობით ევროკავშირის შემდეგ აშშ დაინტერესდა.
„როგორც აუდიტის ჯგუფს, ასევე აუდიტის სამსახურს მჭიდრო თანამშრომლობა აქვს ევროკავშირთან. სასიხარულოა, რომ დღეს სხდომას აშშ-ს აუდიტის სამსახურის ექსპერტები: ბეკი კენედი და სტივ ლორდი ესწრებიან. მივესალმები მათ და იმედია, თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ზაალიშვილმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი დეპუტატებს გააცნო.
„აუდიტმა 2018-2020 წლები მოიცვა და მისი შესწავლის საგანს წარმოადგენდა შესყიდვების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა“, – განაცხადა მომხსენებელმა.
მისივე განმარტებით, გამოვლენილია სისტემური ნაკლოვანებები, რომელთან მიმართებითაც გაცემულია 3 რეკომენდაცია, ხოლო მიგნებები შემდგომი რეაგირებისთვის გადაცემულია შესაბამისი სტრუქტურებისთვის. მარიამ ზაალიშვილმა დეპუტატებს ასევე წარუდგინა ზოგადი განათლების მართვის მოდელის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში, რომელიც 2019-2021 წლებს მოიცავს. მისი თქმით, საკითხის შესწავლა ორი ძირითადი მიმართულებით განხორციელდა:
1.ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მართვა, მხარდაჭერა და მონიტორინგი;
2.დაფინანსების მოდელი. მომხსენებლის ინფორმაციით, გაცემულია 4 რეკომენდაცია.
სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კაპანაძემ ინტერნეტის ხელმისაწვდომობის შესახებ ანგარიში წარადგინა. მისი თქმით, მიზანი იყო, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის შესწავლა. როგორც გიორგი კაპანაძემ აღნიშნა, აუდიტი განხორციელდა ორი ობიექტის – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მისი აიპ „ოპენ ნეტის“ მიმართ. მომხსენებელის განმარტებით, ფართოზოლოვანი ინტერნეტით დაფარვა საქართველოში 84%-ია.
„არის რეგიონები, სადაც ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით იფარება 53-72%, ხოლო თბილისსა და აჭარაში – 90%-ზე მეტი. ფასების ნაწილსაც თუ შევხედავთ, ჩვენნაირი ქვეყნებისთვის საშუალო მაჩვენებელი გვაქვს, ანუ გაუმჯობესების პოტენციალი ამ ნაწილშიც არსებობდა“, – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.
მისი თქმით, გაგზავნილია 3 რეკომენდაცია. „2 რეკომენდაციაზე სამინისტროსთან სრულად ვართ შეთანხმებული, ხოლო მესამე – დაზუსტების პროცესშია“, -აღნიშნა მომხსენებელმა.