საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურების წესთან დაკავშირებული ცვლილება განიხილა

06/03/2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი. ცვლილებით თანახმად, კანონპროექტით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის კონკრეტული თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტების დადგენა ხდება. შესაბამისად, აღნიშნული თანამდებობის პირების ანაზღაურება განისაზღვრება ამ კოეფიციენტების საბაზო თანამდებობრივ სარგოზე ნამრავლით. ამასთანავე, არ ხდება ზედა ზღვრის კოეფიციენტების ცვლილება. ცვლილების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის წევრების ხელფასების თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტები განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, ხოლო პარლამენტის წევრის თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტი არ უნდა აღემატებოდეს კანონპროექტით გათვალისწინებულ უმაღლეს კოეფიციენტს. საკანონმდებლო ცვლილებით წესრიგდება შემდეგი პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურების წესი: საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის და მთავრობის თავმჯდომარის, მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის და უმაღლესი საბჭოს კომიტეტის/ფრაქციის თავმჯდომარის, ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის და მინისტრის პირველი მოადგილის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტის/ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის, ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მოადგილის და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის. კანონპროექტით, ცვლილებები ძალაში შევა 2025 წლის 1 იანვრიდან. ცვლილებები შედის, ასევე, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ და „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ კანონებში, რომელიც შეეხება სახალხო დამცველისა და გენერალური აუდიტორის სახელფასო ანაზღაურებას. მომხსენებლის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, 2017 წელს საქართველოს ხელისუფლებამ საჯარო სამსახურის ფუნდამენტური რეფორმა ჩაატარა, რომელმაც, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანი გარანტიები შექმნა საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის, მათი უფლებების განმტკიცებისთვის და მეორე მხრივ, ეს იყო პროცესი, რომელიც თან ახლდა ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს.

​„ამ რეფორმას საკმაოდ მნიშვნელოვანი და პოზიტიური შეფასებები მოჰყვა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. მაშინ გარკვეული კოეფიციენტები დაწესდა, მათ შორის, როგორც საქართველოს პარლამენტის, ასევე მთავრობის წევრების მიმართ, მაგრამ ფაქტობრივად 10 წლის მანძილზე მათი ხელფასები არ გაზრდილა. წინა წელს, ამ კოეფიციენტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, პარლამენტმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, რაც აღნიშნულ კოეფიციენტებთან საპარლამენტო თანამდებობის პირების სახელფასო სარგოების შესაბამისობაში მოყვანას ისახავდა მიზნად. ახლა მნიშვნელოვანია, რომ იგივე სტანდარტი გავრცელდეს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ, მათ შორის, აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ასევე სახალხო დამცველისა და გენერალური აუდიტორის მიმართ. მოგეხსენებათ, რომ ეს ორივე უწყება საქართველოს პარლამენტთან ანგარიშვალდებული უწყებაა და გარკვეული ხარვეზები აქაც არსებობდა“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0