საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის რეკომენდაციებს მხარი დაუჭირა

06/12/2023

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშზე. როგორც აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, აუდიტის ჯგუფმა 27 ნოემბრის სხდომაზე განიხილა საკითხი – სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების 2021 წლის კონსოლიდირებულ(ნაერთ) ფინანსურ ანგარიშგებაში საგადასახადო შემოსავლების ფინანსური აუდიტის ანგარიში. განხილვას ესწრებოდნენ გენერალური აუდიტის, ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები. საკითხი ეხებოდა სახაზინო სამსახურსა და შემოსავლების სამსახურს, რომელთა მიმართაც გაცემული იყო 4-4 რეკომენდაცია, ერთი რეკომენდაცია ასევე გაიცა ფინანსთა სამინისტროს მიმართ. პაატა კვიჟინაძის ინფორმაციით, უწყებების მხრიდან ყველა რეკომენდაციაზე მიღებულია თანხმობა და მათ შესრულებაზე მზადყოფნა დადასტურებულია. შესაბამისად, ფინანსთა სამინისტრომ, შემოსავლებისა და სახაზინო სამსახურებმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს დადგენილ ვადაში უნდა წარუდგინონ ინფორმაცია აღნიშნული რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშზე მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებს მხარი დაუჭირა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0