საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

27/11/2023

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებაზე მეორე მოსმენით იმსჯელა. კანონპროექტი დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მირზა გელაშვილმა წარუდგინა. მისი თქმით, კანონპროექტის მიზანია ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოება და რეზოლუციის ჩარჩოს შექმნა მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მიღებული რეკომენდაციებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად. მისივე განცხადებით, იმისათვის რომ რეზოლუციის მიზნებისთვის თანდათანობით მობილიზდეს ფულადი სახსრები, აუცილებელია, სარეზოლუციო ფონდის შევსება მოხდეს კომერციული ბანკების მხრიდან წინასწარი შენატანების განხორციელებით, რითაც შესაძლებელი იქნება საბანკო სექტორში რისკების მართვის კულტურის ამაღლება, ფინანსურ კრიზისზე ადრეული რეაგირება, კრიტიკული საბანკო ფუნქციების განგრძობითობის უზრუნველყოფა და სისტემურ დონეზე ფინანსური მდგრადობის შენარჩუნება.

„რეზოლუციის მიზნებისთვის, დროებით სახელმწიფო დაფინანსებასთან ერთად, აღნიშნული ფონდის წინასწარი შენატანებით შევსება გაზრდის ფინანსური კრიზისის დროს ფინანსურ სახსრებზე ხელმისაწვდომობას“, – განაცხადა მომხსენებელმა.

კანონპროექტით ახალი რედაქციით ყალიბდება ის მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სარეზოლუციო ფონდში წინასწარი შენატანების განხორციელების, სარეზოლუციო ფონდში ჩარიცხული თანხების გამოყენების, კომერციული ბანკების მიერ ex post შენატანების განხორციელების შემთხვევაში წინასწარი შენატანების შეჩერების, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსგან ინფორმაციის გამოთხოვის, სარეზოლუციო ფონდის ადმინისტრირების საკითხებს. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0