საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „დაზღვევის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

10/05/2023

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „დაზღვევის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში” ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტები პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. მომხსენებლის, სსიპ-დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, დავით ონოფრიშვილის განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებები განაპირობებს სადაზღვევო ორგანიზაციების მართვის სისტემის სრულყოფისა და ფინანსურ სექტორში არსებული საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის, მზღვეველის მიერ სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისას მტკიცებულებაზე დაფუძნებული გათვლების უფრო სიღრმისეული და მრავლისმომცველი გამოყენების აუცილებლობას.

„კანონპროექტი მზღვეველს ავალდებულებს სადაზღვევო საქმიანობის პროცესში ჰყავდეს აქტუარი ფიზიკური პირი, რომლის საქმიანობის მიზანია მზღვეველის რისკების, მათ შორის მათი ეფექტური მართვის მეთოდების და ფინანსური ვალდებულებების შესწავლა-ანალიზი, სადაზღვევო რეზერვების გაანგარიშების კოორდინირება და სადაზღვევო პრემიის ადეკვატურობის შეფასება შესაბამისი მათემატიკური და სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით“, – განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.

პროექტით, ერთი მხრივ, სადაზღვევო ორგანიზაციის მენეჯმენტის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, დაინერგება მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოში აუდიტის კომიტეტის შექმნისა და დაკომპლექტებისათვის აუცილებელი, ფინანსური სექტორისათვის დამახასიათებელი საერთაშორისო სტანდარტით დადგენილი კონკრეტული მოთხოვნები, მეორე მხრივ, შეიქმნება “დაზღვევის შესახებ“ და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონების მოთხოვნების ერთობლიობაში აღქმის და აღსრულების ზუსტად გაწერილი შესაძლებლობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0