საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს საბაჟო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე იმსჯელა. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მამუკა ბარათაშვილის განმარტებით, კანონპროექტის მიღების შედეგად დაიხვეწება საბაჟო ზედამხედველობის, საბაჟო კონტროლისა და საბაჟო ფორმალობების მარეგულირებელი ნორმები, აღმოიფხვრება რიგი უზუსტობები, უზრუნველყოფილი იქნება მოქნილი ადმინისტრირებისთვის სამართლებრივი ბაზის შექმნა და საბაჟო კანონმდებლობის რიგი დარღვევის პრევენცია.
„იცვლება დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების წესი საწარმოსთვის და ორგანიზაციისთვის. საბაჟო ორგანოს უფლება ექნება დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ დეკლარანტი (გარდა ფიზიკური პირისა), საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ავტორიზებული მომხმარებლის ვებგვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია“, – განაცხადა მამუკა ბარათაშვილმა.
კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა. დეპუტატებმა ასევე განიხილეს „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, მზია გიორგობიანის განმარტებით, კანონპროექტის მიღების შედეგად, ეტაპობრივად გაიზრდება მუნიციპალიტეტის შემოსულობები მის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შესაბამისი მიწის განკარგვიდან.
„სახელმწიფო მიწის იჯარაში და მართვაში გადაცემიდან, კერძოდ, დღეს არსებული გადანაწილებიდან სახელმწიფო ბიუჯეტსა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის სასარგებლოდ, 2023 წლიდან მოხდება 5 პროცენტული ერთეულით ზრდა, ხოლო, 2024 წლიდან მოხდება 10 პროცენტული ერთეულით ზრდა“, – განაცხადა მზია გიორგობიანმა.
რაც შეეხება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას, მისი გაყიდვიდან შემოსულობა გაიზრდება: 2023 წლიდან 10 პროცენტული ერთეულით, ხოლო, 2024 წლიდან – 15 პროცენტული ერთეულით.