საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშზე: „სახელმწიფო შესყიდვების მართვის 2017-2019 წლების სისტემური საკითხების შესაბამისობის ანგარიში“.
აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, პაატა კვიჟინაძის ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი – „სახელმწიფო შესყიდვების მართვის 2017-2019 წლების სისტემური საკითხების შესაბამისობის ანგარიში“ გასული წლის ბოლოს განიხილეს. აუდიტის ობიექტს სხვადასხვა სამინისტროში შემავალი 22 უწყება წარმოადგენდა. როგორც პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და შემსყიდველი ორგანიზაციების მიმართ სულ გაიცა შვიდი რეკომენდაცია ოთხი მიმართულებით: შესყიდვების საჭიროების განსაზღვრა და ბაზრის კვლევა, შესყიდვის საგნის აღწერის, პრეტენდენტთა შერჩევა-შეფასების და ქვეკონტრაქტორის გამოყენების ნაკლოვანებები.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის რეკომენდაციები დაამტკიცა
15/02/2023