საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, დღევანდელ სხდომაზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა და მხარი დაუჭირა. საკანონმდებლო პაკეტი კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ წარადგინა. მისი თქმით, აღნიშნულ სფეროში რეფორმა სავალუტო ფონდთან კონსულტაციების შედეგად ხორციელდება. კანონპროექტის მიხედვით, მიკრო ბანკის სახით შეიქმნება ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ოპერირებას განახორციელებს იმ სექტორში, სადაც მაღალი საოპერაციო ხარჯების გამო კომერციული ბანკების ინტერესი შედარებით დაბალია. კანონით განსაზღვრული მანდატით, მიკრო ბანკი ძირითადად დააკრედიტებს სამეწარმეო და სოფლის მეურნეობის სექტორს, გაზრდის მოსახლეობის ფინანსურ ჩართულობას. პაპუნა ლეჟავას განცხადებით, მიკრო ბანკები სესხებს მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გასცემენ. საკანონმდებლო პაკეტში სულ 26 კანონპროექტია.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ბანკების საქმიანობის შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
06/12/2022