პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით კომიტეტის სამოქმედო გეგმა როგორც კანონშემოქმედებით საქმიანობას ასევე საზედამხედველო ფუნქციებსაც ითვალისწინებს.
„კოვიდ -19 -ის პანდემიის და პოსტ-პანდემიურ პერიოდში მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის, ჩვენი ამოცანაა საბიუჯეტო პროცესის წარმართვა და ხელმძღვანელობა. საფინანსო სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელება, რომელთა მთავარი მიზანიც უნდა იყოს მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა რაც სწრაფი და მდგრადი ეკონომიკური ზრდის აუცილებელი წინაპირობა,“ – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.
გარდა ამისა, 2021 წელს კომიტეტის სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს მთავრობასთან ერთად სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას, საჯარო ფინანსების ეფექტიანი მართვის, ფისკალური ადმინისტრირების გაუმჯობესების და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, ასევე, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ეროვნული ბანკის და ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ანგარიშების განხილვას, ანალიზს და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის რეაგირებას.