საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძესთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთის სამეფოში იმყოფება.
როგორც prof-news პარლამენტიდან აცნობეს, დღეს შეხვედრა დავით უსუფაშვილმა საუდის არაბეთის მეფესთან, სალმან ბინ აბდულაზიზ ალ-საუდთან გამართა.
სალმან ბინ აბდულაზიზ ალ-საუდმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის ურთიერთობა ბოლო პერიოდში ინტენსიურად ვითარდება.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობასა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
საუდის არაბეთის მეფის თქმით, მნიშვნელოვანია ეკონომიკის, ბიზნესისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაც.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოში არსებული ინსტიტუტები მზადაა ბიზნესის განვითარებისთვის.
როგორც სალმან ბინ აბდულაზიზ ალ-საუდმა აღნიშნა, ის პირადად დაინტერესდება საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების საკითხით, საუდის არაბეთში მოღვაწე ბიზნესმენებს საქართველოთი დაინტერესებისკენ მოუწოდებს და წაახალისებს.
სალმან ბინ აბდულაზიზ ალ-საუდის განცხადებით, მისი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და გააგრძელებს გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციის “აფხაზეთდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” მხარდაჭერას.
შეხვედრას საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრე, შინაგან საქმეთა მინისტრი მუჰამედ ბენ ნაიფ ალ საუდი, ქვეყნის მაჯლის აშ-შურას (პარლამენტის) თავმჯდომარე, აბდულა ბინ მოჰამედ ბინ იბრაჰიმ ალ-შეიხი, საგარეო საქმეთა მინისტრი ადელ ალ-ჯუბეირი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.