საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებას

10/05/2016

საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის მიერ დანიშნულმა ექსპერტმა ადამიანის უფლებათა საკითხებში, თომას ჰამარბერგმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.
საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებას. ყურადღება გამახვილდა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის დადგენილებაზე, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს შეეხება.

„შედგა ძალიან საინტერესო შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან, სადაც განვიხილეთ ადამიანის უფლებების მდგომარეობა. მე ვუთხარი პრემიერს, რომ მივემგზავრები სოხუმში, რათა შევაფასო ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარება ადგილზე. ეს იქნება მნიშვნელოვანი ანგარიშისთვის, რომელიც მოგვიანებით გამოიცემა. ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები და ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე,” – განაცხადა თომას ჰამარბერგმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე დაესწრო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0