სატყეო სექტორის რეფორმირება წარმოადგენს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებას

08/11/2023

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ აპოლონ კაკაბაძემ ეროვნული სატყეო სააგენტოს წლიური ანგარიში წარადგინა.

„დღეს ეროვნულ სატყეო სააგენტოს რთული დავალების შესრულება უწევს, რომ გაუმკლავდეს წლების განმავლობაში დაგროვილ გამოწვევებს, დაწყებული ტყეების შესახებ ინფორმაციის მუდმივი განახლებით, მისი დაცვის, აღდგენის და ისეთი სარგებლობის ორგანიზებით, რაც ქვეყნის მოსახლების კეთილდღეობას უწყობს ხელს“, – განაცხადა მომხსენებელმა.

მან დარგში მიმდინარე რეფორმების შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სატყეო სექტორის რეფორმირება წარმოადგენს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებას. მომხსენებლის განცხადებით, მიმდინარე რეფორმების წარმატებას და ტყის მდგრადი მართვის დანერგვას ხელი შეუწყო 2013 წელს პარლამენტის მხარდაჭერით შექმნილმა სატყეო სექტორის მართვის კონცეფციამ, ასევე 2020 წელს მიღებულმა ტყის კოდექსმა.

2023 წელს სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობისა და შედეგების შესახებ პრეზენტაცია გამართა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ნათია იორდანიშვილმა. პრეზენტაცია მოიცავდა ინფორმაციას სააგენტოს ინფრასტრუქტურის, საკადრო პოლიტიკისა და ფინანსების თაობაზე, ტყით სარგებლობის ღონისძიებების, ხე-ტყის დამზადების, ტყის მოვლა-აღდგენის, ტყის ინვენტარიზაციისა და მართვის გეგმების შესახებ, ასევე ინფორმაციას სამართალდარღვევათა გამოვლენის შემთხვევებსა და საერთაშორისო თანამშრომლობაზე. კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ სატყეო სააგენტოს საქმიანობის შესახებ ანგარიში დადებითად შეაფასა.

„სატყეო სააგენტოს მხრიდან მივიღეთ სრული ინფორმაცია სატყეო სექტორის რეფორმის მიმდინარეობისა და მდგომარეობის შესახებ. ტყის კოდექსმა, როგორც ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულების შესრულების ერთ-ერთმა გარანტმა, ჩვენ შეგვიქმნა იმის საფუძველი, რომ სატყეო სექტორის მართვის მიმართულებით ახალი სამართლებრივი ჩარჩო წარგვედგინა, რომლის მთავარი კონცეფციაც ტყის რესურსების მდგრადი მართვა და სათბობი შეშის გამოყენების თვალსაზრისით ტყისთვის ნაკლები ზიანის მიყენებაა. ვფიქრობ, რომ სატყეო სექტორის მართვის ფარგლებში ინფრასტრუქტურის, მათ შორის „საქმიანი ეზოების“ მოწყობა წარმატებული ნაბიჯია. დღეს მოვისმინეთ ინფორმაცია ტექნიკური საშუალებების შეძენისა და გადაიარაღების თაობაზე. ასევე, მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული კადრების მომზადების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რომ კომიტეტის ფარგლებში შემდგომშიც აქტიურად ვითანამშრომლებთ სატყეო სააგენტოსთან და ასევე მუნიციპალიტეტებთან იმისთვის, რომ უფრო ეფექტიანად განვახორციელოთ მუნიციპალიტეტების რეგულირების ფარგლებში არსებული სატყეო ტერიტორიების მოვლა-აღდგენისა და ფიტო სანიტარიის ღონისძიებები. კომიტეტი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ სამინისტროსთან ერთად მეტი ძალისხმევა გაიღოს, რათა უფრო აქტიურად იქნეს გამოყენებული სატყეო ნარჩენი, რომელიც სათბობი რესურსის ერთ-ერთი მთავარი ჩამნაცვლებელი უნდა გახდეს სამომავლოდ“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0