თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და საზოგადოებას ბოლო დღეების განმავლობაში გამოჩენილი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. მისი თქმით, ყოველდღიური შრომით, თბილისის განვითარებისა და გალამაზებისთვის უფრო მეტს გააკეთებს.
„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ ყურადღებისთვის, გზავნილებისთვის, კომენტარებისთვის, რომელსაც კლინიკაში ყოფნის პერიოდში ვიღებდი. ეს დადებითი ემოცია და ჩემი თანაქალაქელების მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სტიმულია ჩემთვის. კიდევ ერთხელ პირობას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მომდევნო პერიოდში, ყოველდღიური შრომითა და ზრუნვით უფრო მეტი გავაკეთო თბილისის განვითარებისა და გალამაზებისთვის. რა თქმა უნდა, ხაზი მინდა გავუსვა იმ თანადგომასა და მხარდაჭერას, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვგრძნობდი. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს უწმინდესს, საქართველოს პატრიარქს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა აქვე, მოსახლეობას ხარების დღესასწაული მიულოცა და ბედნიერება უსურვა.
„სიხარული, სიყვარული და ბედნიერება არ მოგკლებოდეთ თქვენს ოჯახებთან ერთად“ – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
დედაქალაქის მერის განცხადებით, ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ მეწყრულ ზონაში თბილისის მერია პირველივე დღიდან შესაბამის ღონისძიებებს ატარებს და საზოგადოებას სრულყოფილ ინფორმაციას აწვდის. თბილისის მერმა მეწყრულ ზონაში საპრევენციო სამუშაოებში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა.
„ბოლო პერიოდში დედაქალაქისთვის ბევრი კარგი პროექტის ინიცირება მოხდა, თუმცა არსებობს გამოწვევები. იცით, რომ ვაშლიჯვრის ფერდზე არის მეწყრული ზონა. მინდა, ანგარიში ჩავაბარო მოსახლეობას, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა და რის გაკეთებას ვაპირებთ. ჩვენდა სამწუხაროდ, არსებობენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობენ, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, გაავრცელონ არასწორი ინფორმაცია, დათესონ პანიკა და ა.შ. ჩვენ საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს და ყოველდღიურად ვცდილობთ, სრულყოფილი ინფორმაცია გავავრცელოთ. აღნიშნულ ფერდზე რამდენიმე ათეული წელია არსებობს ეს პრობლემა. პირველ რიგში, შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი. პრობლემის მოგვარებაში დროულად ჩაერთნენ გერმანელი ექსპერტები. ამ ჯგუფში შედიან დარგის სპეციალისტები გარემოს ეროვნული სააგენტოდან, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან. მინდა, ყველა ადამიანს მადლობა გადავუხადო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
რაც შეეხება უშუალოდ საპრევენციო ღონისძიებებს, დედაქალაქის მერის თქმით, ტერიტორიაზე 24-საათიანი მონიტორინგი მიმდინარეობს და საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობის ევაკუაციის გეგმაც მომზადებულია.
„16 მარტს, როდესაც საფრთხე დავინახეთ, გზა გადაიკეტა, მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, ოპერატიულად დავიწყეთ მეწყრული ზონის 24-საათიანი მონიტორინგი, რათა დეფორმაციის ხასიათსა და დინამიკაზე დაკვირვება გვეწარმოებინა. გასულ კვირას უკვე დავამონტაჟეთ მონიტორინგის თანამედროვე სისტემა, რომელიც უფრო ზუსტი დაკვირვებისა და მონაცემთა შეგროვების შესაძლებლობას იძლევა. ასევე, შესაბამისი უწყებების მიერ, მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის შემუშავებულია საევაკუაციო გეგმა. რა თქმა უნდა, საჭირო არ არის, თუმცა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევისთვის, ეს გეგმა გვაქვს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს. რაიმე საფრთხე თუ იქნებოდა, პირველები ჩვენ გადავდგამდით კონკრეტულ ნაბიჯებს. აქაც ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაციები, პანიკის დათესვა, რომ აუცილებელი იყო მოსახლეობის ევაკუაცია. ეს ყველაფერი მათ ნამუსზე იყოს, ვინც ამ განცხადებებს აკეთებდა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძის თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაჭავარიანის ქუჩის ფერდი უახლოეს მომავალში უსაფრთხო გახდეს და საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნას.
„მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისთვის შევისყიდეთ კვლევა-პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების მომსახურება, რომელსაც კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ გვაწვდის. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება მსგავსი ტიპის ზონებში მუშაობის, მათ შორის, წყნეთი-ბეთანიის გზაზე, სადაც მათთან ერთად ჩართული იყვნენ უშუალოდ ის გერმანელი სპეციალისტები, ვინც დღეს გვეხმარებიან ვაშლიჯვრის ფერდის პრობლემის მოგვარებაში. ასევე, აღნიშნული კომპანია და გერმანელი ექსპერტები ჩართულები არიან შეშელიძის ქუჩაზე მეწყრული ფერდის პრობლემის მოგვარებაში, სადაც სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება. ამჟამად, ფერდის სტაბილიზაციისა და მიმდებარედ არსებული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისთვის, ყველა გადაუდებელი ღონისძიება ტარდება. კერძოდ, ზედა ნაწილში მიმდინარეობს ცემენტიზაცია, რათა მეწყრის გადაადგილება შემცირდეს. ასევე, ეწყობა დროებითი გზები, რათა სამუშაოების მომდევნო ეტაპზე გატარდეს მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს მაჭავარიანის ქუჩის უსაფრთხოებას და მოძრაობის აღდგენას. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს და ეს ფერდი უსაფრთხო იყოს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ სამშენებლო ამნისტიის საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტმა საკომიტეტო მოსმენები უკვე დაიწყო. მისი თქმით, საკანონმდებლო პაკეტი 2020 წლის 18 აგვისტომდე დასრულებულ მშენებლობებზე დაფიქსირებული დარღვევების პატიებას და მათ საფუძველზე გამოწერილი ადმინისტრაციული ჯარიმების გაუქმებას ითვალისწინებს.
„იმედი მაქვს, პარლამენტი მხარს დაუჭერს აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებას. ამ გადაწყვეტილებას დედაქალაქის მოსახლეობა ელის. არსებობენ ადამიანები, რომელთა საცხოვრებელი სახლები არ არის შესული ექსპლუატაციაში, რადგან წლების წინ მშენებლობისას გადაცდომებს ჰქონდა ადგილი. შესაბამისად, მნიშვნელოვანი გარემოებაა, როგორც სამშენებლო დარღვევების პატიება, სამართლებრივი ტვირთის მოხსნა სამშენებლო კომპანიებზე და უძრავი ქონების მესაკუთრეებზე, ასევე, პასუხისმგებლობის დამძიმება, რაც მომავალში აგვარიდებს ასეთი ტიპის დარღვევებს დედაქალაქის მასშტაბით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, საკანონმდებლო პაკეტი მუნიციპალური ინსპექციის მხრიდან მშენებლობის მოთხოვნის დაუმორჩილებლობაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
„ჩვენ უფლებამოსილების განხორციელების დღიდან სამშენებლო დარღვევებზე ჯარიმების ოდენობა გავზარდეთ, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო. ზოგი სამშენებლო კომპანია პროექტის მიღმა სამუშაოებს ახორციელებს, აკეთებს დაშენებებს. არავის მოსწონს ის, რაც ათეული წლის განმავლობაში ქალაქში ხდებოდა. ჩვენ, ამნისტიის საშუალებით, ასეთ ნაგებობებს ექსპლუატაციაში ვიღებთ, რადგან ამის მიღმა ოჯახები დგანან. ადმინისტრაციული ჯარიმის შემდეგ, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი, პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის სახით დამძიმდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, რეგულაცია, რომელიც ითვალისწინებს ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობების ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგების აკრძალვას, 2022 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება და მხოლოდ ამ თარიღის შემდგომ გაცემულ სამშენებლო ნებართვებზე გავრცელდება. თბილისის მერმა ყურადღება საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ 700 ერთეული მიკროავტობუსის შესყიდვის ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადდა. მისი თქმით, სატენდერო პირობების მიხედვით, 700 მიკროავტობუსი დედაქალაქში წლის ბოლომდე ჩამოვა. საერთო ჯამში კი, თბილისის მოსახლეობას 1 000 ერთეული მიკროავტობუსი მოემსახურება.
„სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, დაწყებული გვაქვს მიკროავტობუსების განახლება. გამოვაცხადეთ ტენდერი, რომლის მიხედვითაც, 700 ერთეული მიკროავტობუსის შესყიდვა განხორციელდება. აქედან 300 ერთეულს მუნიციპალიტეტი შეისყიდის იმ თანხებით, რომელსაც კომპანიისგან მივიღებთ. იცით, რომ 300 მიკროავტობუსი, რომელიც ქალაქში გადაადგილდება, მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტის თანხებით შეისყიდა. კომპანიას კი დავუწესეთ ვალდებულება, რომ ის იმ თანხას დაგვიბრუნებდა, რაც გადახდილი გვაქვს და მათი გამოცვლა ივნისისთვის უნდა მოხდეს. მიღებული თანხით, კიდევ 300 ერთეულს ვიყიდით. აქაც ის ვალდებულებაა, რომ გარკვეული დროის შემდეგ, ეს მიკროავტობუსები კომპანიამ ისევ იმ თანხად გამოისყიდოს. კომპანია დამატებით, 400 ერთეულს შეიძენს. საერთო ჯამში, თბილისის მოსახლეობას 1 000 ერთეული მიკროავტობუსი მოემსახურება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძის თქმით, ახალი მიკროავტობუსების რაოდენობა დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკით დადგენილ საჭიროებებს სრულად შეესაბამება.
„იცით, რომ ე.წ. ყვითელი ავტობუსები, დაახლოებით, 1 500-1 700 გადაადგილდებოდა ქალაქში, თუმცა ჩვენი ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის მიხედვით, მხოლოდ და მხოლოდ 1 000 მიკროავტობუსის საჭიროება არსებობს. ამასთან, ვამატებთ ახალ, 8-მეტრიან ავტობუსებს და ქალაქის მოსახლეობა მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნობს თავს, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმა დასრულდება. დღეს გვაქვს კონკრეტული უბნები, ქუჩები, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი არ გადაადგილდება ან ძალიან დიდია მოცდის დრო. ამ ყველაფერს რეფორმის მეშვეობით შევცვლით. მთავარი პირობაა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველასთვის ხელმისაწვდომი და კომფორტული გავხადოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, მთავრობის სხდომაზე ყურადღება ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაზეც გამახვილდა. კერძოდ, აღინიშნა, რომ პირველი მაისიდან ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზე, ასევე, ქავთარაძის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. მისივე თქმით, პირველი აპრილიდან საბურთალოს რაიონში ფუნქციონირებს მუნიციპალური პავილიონები, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, ერთი თვის განმავლობაში მიიღონ ინფორმაცია ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის გამზირსა და ქავთარაძის ქუჩაზე დაგეგმილი ზონალურ-საათობრივი პარკირების შესახებ, ასევე, მოახერხონ თავიანთი ავტომობილების დარეგისტრირება.
„პირველი აპრილიდან საბურთალოს რაიონში ფუნქციონირებს მუნიციპალური პავილიონები, რომლებიც განვათავსეთ იმისთვის, რომ ზონალურ-საათობრივი პარკირება დაინერგოს ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზე, ასევე, ქავთარაძის ქუჩაზე. პირველ მაისამდე მუნიციპალური პავილიონები მოქალაქეებს დაეხმარება ინფორმაციის მიღებაში, ასევე, იმაში, რომ მოახერხონ თავიანთი ავტომობილების დარეგისტრირება. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირება ინერგება, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ავტომობილის გაჩერება უფასოა. ასევე, უფასოა ელექტრომობილებისთვის. მათ ქალაქის სხვადასხვა წერტილში შეუძლიათ გამოიყენონ ეს კონკრეტული საპარკინგე სივრცეები. გარდა ამისა, უფასოა A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისა და შშმ პირებისთვის, რომელთათვისაც სპეციალური ადგილები იქნება გამოყოფილი. პირველი მაისიდან ამ არეალში ძალაში შევა ზონალურ-საათობრივი პარკირება და საფასური იქნება საათი – ერთი ლარი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ეტაპობრივად მთელი ქალაქის მასშტაბით დაინერგება.
„ზოგადად, ზონალურ-საათობრივი პარკირების დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია. მისი დანერგვა წარმატებით მიმდინარეობს კონკრეტულ რაიონებსა და ქუჩებზე და ეს მთელი ქალაქის მასშტაბით გაგრძელდება. ეს მოხდება ეტაპობრივად, რათა საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ და მეტი ხელმისაწვდომობა იყოს ამ პროგრამასთან დაკავშირებით. ტარიფებიც რაიონების და ქუჩების მიხედვით განსხვავებული იქნება“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ თბილისის მერია ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, თბილისის ანძაზე პანორამული რესტორნის, გადმოსახედისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობაზე ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. პროექტის კონცეფციის შექმნაზე, ტენდერის საფუძველზე, ესტონურმა კომპანიამ იმუშავა. თბილისის მერის თქმით, პროექტი შეფასდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს მიერ და გათვალისწინებულია წარმოდგენილი რეკომენდაციები.
„პროექტის კონცეფციის შექმნაზე გამოცხადებული გვქონდა ტენდერი და ესტონურმა კომპანია „კოკომ“ გაიმარჯვა, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ამგვარ პროექტებზე მუშაობის. ზოგადად, მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროექტი შეფასდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს მიერ და გათვალისწინებულია წარმოდგენილი რეკომენდაციები. ეს პროექტი ჩემი წინასაარჩევნო დაპირებაა და ამაზე არჩევნების წინა პერიოდში ვსაუბრობდით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არსებული სატელევიზიო ანძის ამ მიმართულებით გამოყენება. ყველა დიდ ქალაქში, სადაც არსებობს ასეთი პროექტები ძალიან მაღალ დონეზეა ყველაფერი გაკეთებული. რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, თბილისშიც გამოიძებნება საინვესტიციო ჯგუფები ვინც ამ პროექტს განახორციელებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, არსებული პანდემიაა მიზეზი, რის გამოც პროექტი ამ დრომდე ვერ განხორციელდა.
„ძალიან ბევრ პროექტებზე მოგვიწია უარის თქმა და ეკონომიკური აქტივობების შემცირება, თუმცა, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად ყველაფერს გავაკეთებთ და ყველა პროექტი განხორციელდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბიზნესი დაინტერესდება ამ კონკრეტული ინტერესთა გამოხატვით, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ვაცხადებთ, რადგან ეს ქონება ეკუთვნის ეკონომიკის სამინისტროზე დაქვემდებარებულ იურიდიულ პირს. დარწმუნებული ვარ, როდესაც ის განხორციელდება, ძალიან კარგი პროექტი იქნება, არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ ჩამოსული სტუმრებისთვისაც“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მთავრობის სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ მოსარგებლეთა რაოდენობა გაიზარდა. კახა კალაძის თქმით, პროგრამა 2015 წლის ივლისიდან ხორციელდება და დღემდე, მისი ბიუჯეტი 10–ჯერ, 500 ათასი ლარიდან 5 მლნ 200 ათას ლარამდე გაიზარდა. თავიდან პროგრამაში 325 ბავშვი იყო ჩართული, რომელთაც ორი ცენტრი ემსახურებოდა. დღეისთვის კი პროგრამაში შვიდი შესაბამისი დაწესებულებაა ჩართული. დასაწყისში პროგრამაში ჩართვა შეეძლოთ ორიდან 15 წლამდე ასაკის ბავშვებს და მოზარდებს. 2020 წელს მერიამ მათი ასაკი 18 წლამდე გაზარდა.
„სულ ახლახან იყო აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე და არ შემიძლია არ აღვნიშნო ის სიახლე, რომელიც აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა ოჯახებისთვის გვაქვს. კიდევ ერთხელ მინდა, სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო ამ ოჯახებს. იცოდეთ, რომ ჩვენი მხრიდან ყოველთვის გექნებათ მაქსიმალური თანადგომა. წელს აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამამ მოსარგებლეთა რაოდენობა გაზარდა და ამ თვეშივე შესაძლებელი იქნება, მასში დამატებით, 145 ბავშვი ჩაერთოს. კომპლექსური თერაპიის კურსების დაფინანსებით, ჯამში, 1 375 ბავშვი და მოზარდი ისარგებლებს. ჩვენ გასულ წელსაც გავზარდეთ პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობა ასაკობრივი პრინციპით და თუ იქამდე, პროგრამა ორიდან 15 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს ემსახურებოდა, 2020 წელს ბენეფიციართა ასაკი 18 წლამდე გაიზარდა“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში, უწყვეტ რეჟიმში ფინანსდება კომპლექსური თერაპიის 20 სეანსი. ერთი ბავშვისთვის განკუთვნილი ყოველთვიური ვაუჩერის ღირებულება 400 ლარს შეადგენს, რაც მულტიდისციპლინური გუნდის მომსახურებას მოიცავს.