დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივა „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“, სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის გაზიარების ვალდებულებების შემოღებას ისახავს მიზნად, რითაც სატელეკომუნიკაციო კომპანიებს შორის კონკურენცია და მომსახურების ხარისხი გაიზრდება. კანონპროექტი დღევანდელ სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა პირველი მოსმენით წარადგინა.
„ცვლილებები ემსახურება საქართველოს კანონმდებლობაში 2014 წელს მიღებული ევროდირექტივის ძირითადი პრინციპების დანერგვას და განხორციელებას. კანონის მიღებით ბიზნეს ოპერატორებს საშუალება ექნებათ კანონიერად გამოიყენონ არსებული ინფრასტრუქტურა მომსახურების უკეთესად გავრცელებისათვის, რაც თავის მხრივ, საშუალებას იძლევა გაიზარდოს სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს შორის კონკურენცია, შესაბამისად გაიზარდოს ხარისხი და შემცირდეს მომსახურების საფასური“, – განაცხადა მომხსენებელმა.
კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობდნენ საინფორმაციო ოპერატორები, კავშირგაბმულობის და კომუნიკაციების ბიზნეს ასოციაციის, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლები, რომელთა მოსაზრებებს და გამოთქმულ შენიშვნებს კომიტეტი საკითხის მეორე მოსმისთვის გაითვალისწინებს. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.