სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ პენიტენციურ დაწესებულებებში დედამიწის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამწვანების აქცია მოაწყო. აქციის ფარგლებში მსჯავრდებულების მიერ დაწესებულებების ეზოებსა და სკვერებში ყვავილები, ბუჩქები და ფოთლოვანი ჯიშის ხეები დაირგა. ღონისძიებები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით ჩატარდა. N16 პენიტენციურ დაწესებულებაში დედამიწის საერთაშორისო დღე გამწვანების აქციის გარდა სხვა ღონისძიებებითაც აღინიშნა. ჩატარდა აგრეთვე ელექტრონული მუსიკის კონცერტი, სადაც მსჯავრდებულები მათ მიერ შექმნილი მუსიკალური პერფორმანსით წარსდგნენ. პენიტენციურ დაწესებულებებში დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩატარებული გამწვანების აქცია საქართველოს საპატრიარქოს ფონდის „გაამწვანე საქართველოსა“ და საპატრიარქოსთან არსებული „დეკორატიული მებაღეობის კოლეჯის“ მხარდაჭერით ჩატარდა. 22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება. პირველად ეს დღე 1970 წელს აღინიშნა, როცა ცნობილი ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებით 20 მილიონი ამერიკელი გამოვიდა დედამიწის დასაცავად. დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველ წელს მსოფლიოს 175 ქვეყნის 17 000-მდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
სასჯელაღსრულების სამინისტრომ დედამიწის დღე აღნიშნა
22/04/2017