სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი ევროსტანდარტების შესაბამისი 60 ავტომობილით განახლდა

21/07/2020

„ჩემს უკან დგას 60 ახალი სასწრაფო გადაუდებელი დახმარების მანქანა, რომელიც აღჭურვილია ევროპული სტანდარტებით და უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებას ყველაზე საჭირო დროს“. – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სასწრაფო სამედიცინო დახმარების განახლებული ავტოპარკის პრეზენტაციაზე განაცხადა.

60 ავტომობილიდან 45 სასწრაფო სამედიცინო დახმარების სტანდარტული მანქანაა, ხოლო 15 – მაღალი გამავლობის რეანიმობილი, რომელიც კრიტიკულ პაციენტთა სამედიცინო დაწესებულებათა შორის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება. აღნიშნული ავტომობილებიდან 8 თბილისის მასშტაბით, დანარჩენი კი – რეგიონებში საჭიროებისამებრ გადანაწილდება.
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ქვეყანაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესებაზე ისაუბრა და ამ მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი ნაბიჯები პოზიტიურად შეაფასა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, 2014 წლიდან დღემდე მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ცენტრმა 362 ახალი ავტომობილი შეიძინა.

„ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ისევე როგორც ამ სამსახურის ყველა თანამშრომლისთვის, იმ გმირებისთვის, რომლებმაც არაერთხელ გვაჩვენეს, რომ საკუთარი სიცოცხლის სანაცვლოდ შეუძლიათ გადაარჩინონ სხვისი სიცოცხლე, გავაუმჯობესოთ მათი სამუშაო პირობები, შევქმნათ მათთვის უსაფრთხო გარემო. 2014 წლიდან ქვეყნის მასშტაბით, 362 ავტომობილი შეიძინა ამ სამსახურმა. მხოლოდ 2020 წელს კი ცენტრის ავტოპარკი – 140 ახალი ავტომობილით განახლდა“. – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორს ავთანდილ თალაკვაძეს შედეგზე ორიენტირებული საქმიანობისთვის. ასევე ექიმებს, მძღოლებს და ოპერატორებს იმ თავდადებისა და პროფესიონალიზმისთვის, რომელიც მათ ბოლო პერიოდში პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში გამოიჩინეს. ეკატერინე ტიკარაძემ ხაზი გაუსვა დედაქალაქის მერის კახა კალაძის მიერ ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით განხორციელებულ წარმატებულ პროექტებს და გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ კახა კალაძეს, რომელიც დღეს ჩვენს ღონისძიებას ესწრება და აღვნიშნო, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების გაერთიანება, რომელიც ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილებით მოხდა, მიზნად ისახავდა ამ სამსახურის მეტად ოპერატიულობას და კიდევ უფრო წინსვლას. რა პროექტებსაც ის ახორციელებს ჯანდაცვის და სოციალური კუთხით, ჩვენი დედაქალაქის მოქალაქეებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამაში მისი ღვაწლი არის უდიდესი, რის გამოც მადლობას გიხდით“. – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღეისათვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი უკვე სრულად, მთელი საქართველოს მასშტაბითაა განახლებული. პროექტი მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების სერვისის კიდევ უფრო გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
ეკატერინე ტიკარაძემ პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომობილების საპრეზენტაციო ღონისძიება თბილისის მერ კახა კალაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად გამართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0