თბილისის მერი კახა კალაძე, ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესთან და მერის მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად, სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ხმალაძემ განმარტა, ამ ეტაპზე, მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა, თუმცა დედაქალაქის მთავრობა მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებს, რათა ვაკის პარკში 30-მეტრიანი სასტუმროს მშენებლობა არ მოხდეს.
„სასამართლოში ორი ბრძანება იყო გასაჩივრებული – ერთი უვადო სპეცნებართვა, ყოფილი მერის, გიგი უგულავას მიერ 2013 წელს გაცემული. ამის საფუძველზე გაცემული იყო უშუალოდ მშენებლობის ნებართვა, ვადიანი, რომელსაც ვადა ამოეწურა. სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელი აცხადებს, რომ ხელთ აქვს უვადო სპეცნებართვა და მის საფუძველზე, მშენებლობის ნებართვა ეკუთვნის მაშინ, როგორც კი ამას მოითხოვს. ავტომატურ რეჟიმში ამის კუთვნილება ალბათ, არ იქნება სწორი, მაგრამ გარკვეული პროცედურის საფუძველზე ამ ნებართვის გაცემის რეჟიმში მერია აუცილებლად ჩავარდება, თუ ეს კომპანია მოგვმართავს. ნებართვას ვადა გაუვიდა, მაგრამ ეს დოკუმენტი რის საფუძველზეც გაიცა, არის სპეციალური აქტი, რომელიც 2013 წელს იმდროინდელმა მერმა გამოსცა. ეს არის უვადო აქტი, რომელიც დღეს ძალაშია და ამ ადამიანს ხელში უჭირავს. ამის საფუძველზე მას მშენებლობის მოთხოვნის უფლება აქვს. ეს არის საკმაოდ მძიმე მდგომარეობა, რომელიც მერიას შეექმნა. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს არ დავუშვათ“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
მისივე თქმით, ვაკის პარკში მსგავსი მასშტაბის სასტუმროს აშენების ნებართვის გაცემა დედაქალაქის მერიისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
„ჩვენ განვიხილავთ ყველა შესაძლო ალტერნატივას, მაგრამ ჯერჯერობით, შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, ვინაიდან ის არც ადგილმონაცვლეობას თანხმდება და არც პარამეტრების შემცირებას. ის თავის თავს საკმაოდ მყარად მიიჩნევს, ვინაიდან, ხელში სასამართლოგამოვლილი, ძალაში მყოფი სპეციალური ნებართვა უჭირავს, რომელიც 2013 წელს გაიცა. ეს ადამიანი პოზიციებს არ თმობს და ამ ეტაპზე, შეთანხმება ჯერჯერობით არ არის მიღწეული, მაგრამ შემიძლია კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ არ დავუშვებთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ვაკის პარკში 30-მეტრიანი სასტუმრო არ აშენდეს“, – აღნიშნა თბილისის ვიცე-მერმა.
მისივე თქმით, მერია ყოველთვის ქალაქის ინტერესებიდან გამოდის, უსამართლოდ არასდროს იქცევა და კანონს არ არღვევს, თუმცა ყველანაირ ბერკეტს გამოიყენებს, რათა კერძო მესაკუთრისა და მოქალაქეების სამართლებრივი ინტერესები დააბალანსოს.
„ვაკის პარკი ქალაქში ერთადერთი უნიკალური ადგილია და მის გაუბედურებას ჩვენ ხელს ვერ შევუწყობთ, თუნდაც ეს საკმაოდ ძვირი მონაცვლეობის ფასად დაგვიჯდეს. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ კანონს გადავახტეთ და მესაკუთრის უფლებები შევლახოთ, ამიტომაც ვართ მოლაპარაკების რეჟიმში. გავაგრძელებთ სასტუმროს მეპატრონესთან კონსულტაციას და შევეცდებით, რაიმე სხვა პირობაზე დავიყოლიოთ“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
თავად სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელი გიორგი ზაქაიძე აცხადებს, რომ ის არც ადგილმონაცვლეობითაა დაინტერესებული და არც სასტუმროს პარამეტრების შემცირებაზეა თანახმა. მისივე თქმით, თბილისის მერია ვალდებულია, მშენებლობის ნებართვა აღუდგინოს.