გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე მოადგილეებთან ერთად ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
სპორტში მოსწავლე – ახალგაზრდობის ჩართვა, სასკოლო სპორტის განვითარება, მოზარდ თაობაში და საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, რეგიონული თამაშების განრიგი – ეს ის საკითხები იყო, რომელიც გუბერნიაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.
ოლიმპიადის პროგრამის მიზანია – საქართველოს რეგიონებში მხიარული და სახალისო სპორტული შეჯიბრებების ორგანიზებით სკოლის მოსწავლეთა ფიზიკური განათლებისა და აქტივობის ხელშეწყობა, მასობრივ სპორტში ჩართვა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, შესაბამისი უნარ-ჩვევების დამკვიდრება და განვითარება.
აღნიშნული პროგრამა ხორციელდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და რეგიონებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
შეხვედრას რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის სამსახურების წარმომადგენლები დაესწრნენ.
”სასკოლო სპორტული ოლიმპიადის” თემაზე გურიაში შეხვედრა გაიმართა
11/03/2016