„სასიხარულოა, რომ ქართულ ბაზარზე იტალიური კომპანიების წილი მუდმივად იზრდება და დღეს გვყავს წარმატებული იტალიური კომპანიები, რომლებმაც საქართველოში ინვესტიცია განახორციელეს“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველო-იტალიის ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, ბოლო პერიოდში საქართველომ მიიღო 167 მილიონი იტალიური ინვესტიცია ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. ბიზნესფორუმი საქართველოს განვითარებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე რამდენიმე დარგს, კერძოდ, ინფრასტრუქტურას, სამშენებლო და საინჟინრო დარგებს, ენერგეტიკასა და ურბანულ განვითარებას მიეძღვნა. ბიზნესფორუმის მონაწილეებს ასევე მიესალმნენ ვიცე-პრემიერი, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ბარტოლი. მისასალმებელ სიტყვაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობასა და აღნიშნა, რომ პოტენციალი აღნიშნული კავშირების გაღრმავებისა ძალიან დიდია.
„საქართველო, მისი 3.7-მილიონიანი მოსახლეობით, შეიძლება არ მოგეჩვენოთ მომგებიან ბაზრად. თუმცა, თუ საქართველოს შეხედავთ, როგორც რეგიონალურ ჰაბს, მაშინ ვითარება სულ სხვანაირი იქნება. ჩვენ ვხედავთ საქართველოს, როგორც კარიბჭეს არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის, არამედ ცენტრალურ აზიას, ევროკავშირს, შემდეგ კი დასავლურ და აღმოსავლეთის ბაზრებზე,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში ინვესტორებს შეუძლიათ ისარგებლონ 2,3 მილიარდიან ბაზარზე წვდომით საბაჟო ტარიფების გარეშე და ამ შესაძლებლობას ქმნის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) და, ასევე, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ჩინეთთან, (მათ შორის ჰონკონგთან), EFTA-სა და დსთ-ს ქვეყნებთან, უკრაინასთან და თურქეთთან. ბიზნესფორუმი ჩატარდა საქართველოში იტალიის საელჩოს, იტალიის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ITA-ICE), საქართველოს ეკონომიკისა და მდგარი განვითარების სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით.