სასამართლო უნდა იყოს გამჭვირვალე, მიუკერძოებელი და თავისუფალი პოლიტიკური მოტივებისგან

22/01/2016

ევროპარლამენტი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას შესახებ მიღებულ რეზოლუციაში ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სასამართლო უნდა იყოს გამჭვირვალე, მიუკერძოებელი და თავისუფალი პოლიტიკური მოტივებისგან.
“ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს განაგრძოს და სრულიად განახორციელოს სასამართლოს რეფორმა, დამოუკიდებელი და დეპოლიტიზირებული პროკურატურის გაძლიერების ჩათვლით; რჩება შეშფოთებული პროკურატურის ანგარიშვალდებულების ნაკლებობის და ბუნდოვანი კრიტერიუმების გამო, რომლის მიხედვითაც პროკურორები და გამომძიებლები ინიშნებიან”, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას განაგრძოს მუშაობა იმისათვის, რომ სასამართლო, პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ახალშექმნილი უსაფრთხოების სამსახური იყოს სრულიად დამოუკიდებელი, ეფექტური და მიუკერძოებელი.
“ევროპარლამენტი ასევე შეშფოთებულია წინასწარი დაკავების მექანიზმის გამოყენების გამო, განსაკუთრებით პოლიტიკური ფიგურებისა და აქტივისტების შემთხვევაში”, – აღნიშნულია რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტში ასევე ნახსენებია 2015 წლის 22 სექტემბერს ვენეციის კომისიის მიერ გაკეთებული განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ: “ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას მიმართოს შესაბამის ქმედებებს, მათ შორის მიიღოს ადეკვატური ზომები სასამართლოს წევრების და მათი ოჯახების დაცვის და დაშინების ფაქტების სრულიად გამოძიების მიზნით”.
რეზოლუციას, რომელიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიერ გაფორმებული ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების შესახებ მიიღეს, ევროპარლამენტში გუშინ უყარეს კენჭი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0