სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

27/07/2022

იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შექმნილი სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი, რომელიც ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული პროცესის ნაწილია, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ჯგუფის მიერ უკვე გაწეულ საქმიანობაზე და სამომავლო გეგმებზე.

„დღეს გავმართეთ შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ეს არის პლატფორმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, რომელიც არის ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დაფუძნებული და ჩვენ გადავწყვიტეთ ამ პლატფორმის მეშვეობით შევხვედროდით ამ ჯგუფს. ვინაიდან ვსაუბრობთ ევროკავშირის რეკომენდაციებზე და ევროკავშირში სწრაფვაზე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც იღებენ პასუხისმგებლობას და ამ პლატფორმის ფარგლებში არიან გაწევრიანებული, სწორედ მათთან ვითანამშრომლოთ“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის შეთავაზებული იყო წინადადება, რომ მათი მხრიდან ის ოპტიმალური რაოდენობა იყოს ჩართული ჯგუფის მუშაობაში, რომელიც ხელს შეუწყობს პროცესის მოქნილობას.

„სამუშაო ჯგუფი შედგება როგორც პოლიტიკოსებისგან, ასევე, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების, კონკრეტული სახელმწიფო უწყების, სახალხო დამცვლის და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებისგან. ეს ვერ იქნება 30-კაციანი სამუშაო ჯგუფი. ჯგუფის მთავარი ამოცანაა, რომ გავცვალოთ მოსაზრებები, ვიმუშაოთ და თუ მასში იქნება წევრების ისეთი რაოდენობა, სადაც ელემენტარულად ვერ მოვასწრებთ ერთმანეთის მოსმენას, მაშინ ეს სამუშაო ჯგუფი დაკარგავს ფუნქციას. ჩვენ შევთავაზეთ ორი წარმომადგენლის ჩართულობა. ობიექტურად, გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ყველა სხვა რეფორმის განხორცილებისას კოალიციის ფარგლებში მათ ერთი წარმოდგენილი ჰყავდათ გამოყოფილი. თუმცა, გავითვალისწინეთ, რომ ეს არის იმ საკითხთა წრე, სადაც შესაძლებელია ერთზე მეტი წარმომადგენლი იყოს საჭირო და შევთავაზეთ ორი წარმომადგენლის მონაწილეობა. ეს არის ჩვენი შეთავაზება. ახლა უკვე არჩევანი მათზეა და მათ უნდა გადაწყვიტონ სურთ მუშაობა თუ რაოდენობრივი საკითხზე უნდათ დაიყვანონ ეს შინაარსობრივი საკითხი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0