თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში, რამაც ორი ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებული გ.ჯ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ. თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე, გ.ჯ.-მ, რომელიც „მერსედესის“ მარკის ავტომობილს მართავდა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, ავტომობილის გასწრების მიზნით გადაკვეთა ორმაგი უწყვეტი ღერძულა ხაზი, გადავიდა საავტომობილო გზის საპირისპირო ზოლში, სადაც ნ.ხ.-ს მართვის ქვეშ მყოფ „ოპელის“ მარკის და მ.დ.-ს მართვის ქვეშ მყოფ „მერსედესის“ მარკის ავტომობილებს შეეჯახა.
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მ.დ.-მ და ნ.ხ.-მ მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებები ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით, მგზავრმა მ.ფ.-მ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება, ხოლო ავტომობილ „ოპელის“ მგზავრი ს.ბ. მიღებული დაზიანების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
გ.ჯ. 2017 წლის 3 თებერვალს სასამართლოს განჩინების საფუძველზე იქნა დაკავებული. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ჯ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მასვე 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
სასამართლომ მოძრაობის წესების უსაფრთხოების დარღვევაში ბრალდებულს 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
06/06/2017