სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

15/03/2017

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებული არმენ მარკარიანი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2016 წლის 6 ივლისს, დაახლოებით 02:30 საათზე ქ.ნინოწმინდაში არმენ მარკარიანს ურთიერთშელაპარაკება მოუხდა არშალუის სანოსიანთან, რა დროსაც არმენ მარკარიანმა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით არშალუის სანოსიანს დანით გულმკერდის არეში მიაყენა ჭრილობა. მიღებული დაზიანების შედეგად არშალუის სანოსიანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა არმენ მარკარიანი 2016 წლის 6 ივლისს ქ.ახალქალაქში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ–ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ არმენ მარკარიანი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0