ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ორი პირის მიმართ ჩადენილ ძალადობაში რ.ზ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 30 ივნისს, ქ. ბათუმში, ტაოს ქუჩის მიმდებარედ გზის სავალ ნაწილზე, რ.ზ.-მ პირადი უთანხმოების საფუძველზე დაწყებული კონფლიქტისას, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ.ზ.-ს და რ.ზ.-ს, ხოლო გასაშველებლად მისულ ბ.ა.-ს, განზრახ მოკვლის მიზნით, დანით გულმკერდის არეში მიაყენა ჭრილობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებული ბ.ა. სიკვდილს გადაურჩა.
სამართალდამცველებმა მიმალვაში მყოფი რ.ზ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჯოჭოში 2017 წლის 2 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (ძალადობა ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ რ.ზ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ძალადობაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
21/03/2018