ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გ.ვ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში მცხოვრებ გ.ვ.-ს კონფლიქტი ჰქონდა ამავე სოფელში მცხოვრებ ზ.გ.-სთან. 2017 წლის 12 მაისს, დაახლოებით 23:00 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ.ვ. სტუმრად იმყოფებოდა მეზობელთან, სადაც ზ.გ.-ც მივიდა, რაზეც გ.ვ. განაწყენდა, ზ.გ გარეთ გაიხმო, ავტომანქანიდან ამოიღო სანადირო თოფი და შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ზ.გ-ს დამიზნებით ესროლა გულმკერდის არეში, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანების შედეგად ზ.გ ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა გ.ვ. 2017 წლის 13 მაისს ქალაქ ოზურგეთში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა.
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ გ.ვ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
09/10/2017