სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

12/09/2017

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, წარსულში ნასამართლევი გ.ჩ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 16 დეკემბერს, დაახლოებით 15 საათზე გ.ჩ. სტუმრად მივიდა ქალაქ ოზურგეთში მცხოვრებ ვ.მ.-სთან, სადაც ორივემ ალკოჰოლური სასმელი მიიღეს. რამდენიმე საათის შემდეგ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ გ.ჩ.-ს შელაპარაკება მოუვიდა ვ.მ.-სთან, რა დროსაც ამ უკანასკნელმა შეაგინა. აღნიშნულით განაწყენებულმა გ.ჩ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით ვ.მ.-ს თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა ბლაგვი საგანი, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ვ.მ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა გ.ჩ. 19 დეკემბერს ქალაქ ოზურგეთში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა.
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ გ.ჩ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0