სასამართლომ ბრალდებულ დ.ბეჭვაიას უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

28/09/2016

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ანგარებით, სამი პირის განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვისა და ტარებისთვის ბრალდებული დავით ბეჭვაია დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 9 თებერვალს დავით ბეჭვაია მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, მობილური ტელეფონით დაუკავშირდა პირუტყვით მოვაჭრე პაატა ჩუბინიძეს და თითქოსდა გასაყიდი პირუტყვი ჰყავდა, პაატა ჩუბინიძე მოტყუებით დაიბარა ზუგდიდის რაიონის სოფელ ხეცერაში. მეორე დღეს, 10 თებერვალს, პაატა ჩუბინიძე მერაბ აბესაძესთან და გიორგი ფირჩხაძესთან ერთად, შეთანხმებისამებრ დილის ათი საათისთვის მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით სოფელ ხეცერაში ჩავიდა და დავით ბეჭვაიას შეხვდა. დავით ბეჭვაიამ პაატა ჩუბინიძე, მერაბ აბესაძე და გიორგი ფირჩხაძე ტყის მასივისკენ გაიტყუა და „MAKAROV PM“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან, განზრახ მოკვლის მიზნით, სამივე პირს სხეულის სხვადასხვა არეში ესროლა. მიღებული ჭრილობების შედეგად პაატა ჩუბინიძე, მერაბ აბესაძე და გიორგი ფირჩხაძე ადგილზე გარდაიცვალნენ. დავით ბეჭვაია დაეუფლა პაატა ჩუბინიძის კუთვნილ 1920 ლარს და 10 აშშ დოლარს, გვამები ბუჩქნარში გადამალა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა დავით ბეჭვაია 2016 წლის 12 თებერვალს ქ. ზუგდიდში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობა ჩადენილი ანგარებით) და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შენახვა და ტარება) წარედგინა.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დავით ბეჭვაია სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0