სასამართლომ ბრალდებულ გ.თ.-ს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

06/06/2017

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ბრალდებული გ.თ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და 120-ე მუხლით.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2016 წლის 21 იანვარს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქალაქ ბათუმში ფრიდონ ხალვაშის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე გ.თ.-ს ურთიერთშელაპარაკება მოუხდა ო. ს.-სთან და ა.ე.-სთან, რა დროსაც გ.თ.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ო.ს.-ს დანით მუცლის არეში ორი ჭრილობა, ხოლო ა.ე.-ს თხემის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ო.ს. საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ვინაიდან გ.თ. თავს არიდებდა გამოძიებას, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 120-ე მუხლებით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება). სასამართლომ გ.თ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ გ.თ. დაუსწრებლად სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0