სასამართლომ ბრალდებულ გ.ფიჩხაიას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

06/10/2016

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წარსულში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი გოგა ფიჩხაია დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობისა და ცივი იარაღის ტარებისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით.
სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 30 აპრილს, საღამოს საათებში, მარტვილის რაიონის სოფელ კურზუში გოგა ფიჩხაიას წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე პაატა ბერულავასთან ურთიერთშელაპარაკება მოუხდა, რა დროსაც გოგა ფიჩხაიამ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით პაატა ბერულავას დანა მუცლის არეში დაარტყა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პაატა ბერულავა მიღებული ჭრილობის შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა გოგა ფიჩხაია 2016 წლის 1 მაისს ჩხოროწყუს რაიონში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით (ცივი იარაღის ტარება იმის მიერ, ვინც ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის) წარედგინა.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გოგა ფიჩხაია სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0