სარკინიგზო მიმოსვლა 15 ივნისიდან განახლდება. დღეს თბილისის ცენტრალურ სადგურზე ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები მივიდნენ და საქართველოს რკინიგზის მიერ, კოვიდ-19-ის პრევენციის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს გაეცნენ. შრომის პირობების ინსპექტირების სამმართველოს უფროსის მაია მიქაიას განმარტებით, საქართველოს რკინიგზას გათვალისწინებული აქვს შესაბამისი რეკომენდაციები და მზად არის აღადგინოს მგზავრთა გადაყვანა.
„ჩვენ მოვახდინეთ სარეკომენდაციო ხასიათის შემოწმება და ვნახეთ, რომ კომპანიას აქვს გათვალისწინებული ის რეკომენდაციები, რომელიც არის ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული, როგორიც არის თერმოსკრინინგის გამოყენება, შესაბამისი დეზობარიერის განთავსება, დასაქმებულის აღჭურვა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, სადეზინფექციო ხსნარის განთავსება ვაგონებში და სხვა. ამასთანავე დამატებით მივეცით სიტყვიერი რეკომენდაციები და კომპანია უკვე მზად არის იმისთვის, რომ 15 ივნისიდან დაიწყოს ფუნქციონირება“, – აღნიშნა მაია მიქაიამ.
მომდევნო ორშაბათიდან მატარებლის მგზავრებს სპეციალური წესების დაცვა მოუწევთ. ვაგონში შესვლამდე მოხდება მათი ტემერატურის გაზომვა, შესვლისთანავე უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით. მატარებელში მგზავრები არ დაიშვებიან პირბადის გარეშე, რომელიც მთელი მგზავრობის განმავლობაში უნდა ეკეთოთ.