საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის შემადგენლობა შეიცვალა

17/05/2021

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის შემადგენლობა შეიცვალა. კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა კომიტეტის წევრებს ორი ახალი კოლეგა – დავით კაჭარავა და პაატა მანჯგალაძე წარუდგინა. დღევანდელ სხდომაზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის წევრის, ირაკლი სესიაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა. ირაკლი სესიაშვილი 13 მაისს დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, რაც საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისი ნორმების თანახმად, პარლამენტის წევრის სტატუსისთვის შეუთავსებელი თანამდებობაა. კომიტეტი შესაბამის დასკვნას პარლამენტის ბიუროს წარუდგენს და ბიურო აღნიშნულ საკითხს განსახილველად უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეიტანს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ დარეგისტრირდეს ახალი საპარლამენტო ფრაქცია „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსათვის“. კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის გაცხადებით, კომიტეტის აპარატმა შეამოწმა თანდართული მასალები და დაადგინა, რომ ფრაქციის რეგისტრაციის თაობაზე წარმოდგენილი მასალები შეესაბამება პარლამენტის რეგლამენტის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 49-ე მუხლის პირველი–მე-3 პუნქტების მოთხოვნებს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი თავის დასკვნას პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს. კომიტეტმა, ასევე განიხილა ლობისტების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ საქართველოს მოქალაქეებს ბესიკ ქარცივაძეს და ზაალ სარაჯიშვილს უარი ეთქვათ ლობისტად რეგისტრაციაზე, რადგან მათ მიერ წარმოდგენილი განცხადებები არ აკმაყოფილებს „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ კანონის მოთხოვნებს. როგორც, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, აღნიშნულ პიროვნებებს ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ, კვლავ შეუძლიათ მომართონ პარლამენტს განცხადებით ლობისტად რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0