საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობა და წარმომადგენლობითი კვოტები დაადგინა

22/02/2021

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ იმსჯელა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა. კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, რომ არსებული მოცემულობით დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობა განისაზღვრა 4 წევრით. პროპორციული კვოტები კი ასე განისაზღვრა – ფრაქცია „ქართული ოცნება“ 2 წევრი, უფრაქციო პარლამენტის წევრი 2 წევრი. სხდომაზე გაკეთდა შეფასებებიც. გიორგი კახიანის აზრით, უცნაურია, როდესაც ოპოზიციას სთავაზობ ასეთ ძლიერ ბერკეტს, როგორიცაა საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომლითაც ყველა შესაძლებლობა არსებობს იმისა, რომ პასუხი გაეცეს კითხვებს, თუ მართლა არსებობს რეალური კითხვები.

„მაშინ, როდესაც ამ პარლამენტში სამართლებრივი თვალსაზრისით დღესაც კი არის 8 ოპოზიციური გაერთიანება წარმოდგენილი, მინიმუმ ოპოზიციისთვის 8 ადგილი უნდა იყოს აქ და ამაზე ისინი უარს ამბობენ. იმედი მაქვს, რომ „მოქალაქეები“ მაინც შემოუერთდებიან ამ კომისიის საქმიანობას და ჩვენ კიდევ ერთხელ შევიკრიბებით და კომისიის შემადგენლობას გავზრდით. ეს კარი ღიაა მათ შორის იმ ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც დღეს გარედან უყურებენ საპარლამენტო საქმიანობას. მათი ეს პოზიცია კი მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მათ ძალიან კარგად ესმით, რაზეც ისინი საუბრობენ არჩვენების გაყალბებაზე ეს ყველაფერი არის მათ მიერ შეთხზული და მოგონილი სცენარი“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

კომიტეტის წევრმა გივი მიქანაძემკოლეგებს შეახსენა, რომ 2018 წლის დეკემბრიდან მოქმედი რეგლამენტი 50 დეპუტატს აძლევს შესაძლებლობას, რომ დააყენოს წინადადება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, რეალურად კი ვხედავთ, რომ 1 ნოემბრიდან მოყოლებული ისმის ოპონენტების მხრიდან გაკეთებული მოწოდებები და უარგუმენტო და უსაფუძვლო განცხადებები იმის თაობაზე, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა და ქართული ოცნება გამოდის ინიციატივით, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია. ამას ემატება ისიც, რომ ამ კომისიაში მონაწილეობაზე კატეგორიულ უარს აცხადებენ, რაც სრულიად უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა. მან იმედი გამოთქვა, რომ ყველა ჯანსაღი ოპოზიციური ბლოკის წარმომადგენელები მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ ამ კომისიას შემოუერთდნენ.

„თუმცა იმ შემთხვევაშიც, თუკი სხვა ოპოზიციური წარმომადგენლები არ მოისურვებენ მონაწილეობას, ჩვენ ეს პროცესი უნდა გავაგრძელოთ და კომისიამ განახორციელოს სრულმასშტაბიანი შესწავლა. ასევე არ არის აუცილებელი კომისიის წევრობა, ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, ადგილობრივს თუ საერთაშორისოს, ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს მოვუწოდებთ, თუკი რაიმე მამხილებელი ფაქტები და მასალები აქვს, კომისიის წინაშე წარადგინონ და კომისია დეტალურად შეისწავლის მათ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ საკითხს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0