საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა

16/10/2023

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი განიხილა.

„იმ პრაქტიკიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე, რასაც მუშაობის პროცესში ვხედავთ, პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები შეგვაქვს, რაც პარლამენტის საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრებას მიესადაგება“, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცვლილებების თანახმად, ყველა კენჭისყრა იქნება ღია წესით ჩატარებული გარდა პარლამენტის თავმჯდომარის არჩევისა, რაც ქვეყნის კონსტიტუციით რეგულირდება. სხვა ყველა თანამდებობაზე არჩევა, ასევე იმპიჩმენტის განხორციელების პროცედურის დროს კენჭისყრა იქნება ღია წესით. მომხსენებლის თქმით, ეს ცვლილება არ შეეხება იმპიჩმენტის იმ შესაძლო შემთხვევას, რომელიც შეიძლება უახლოეს ხანში პარლამენტში განხორციელდეს, რამდენადაც ამ დროისათვის შემოთავაზებული ცვლილებები არ იქნება ჯერ ძალაში შესული. ცვლილებით წესრიგდება პარლამენტში წარდგენილი ანგარიშების მოსმენის პროცედურები. განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების წარდგენისა და სიტყვით გამოსვლის პროცედურა. კერძოდ, პრეზიდენტის მოხსენებით გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოსვლის უფლება ასევე ენიჭება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს. პროექტით რეგულირდება ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გახსნის საკითხები. კერძოდ, თუ გარკვეული მიზეზის გამო პრეზიდენტი არ იქნება სხდომაზე, მაშინ სხდომას პარლამენტის უხუცესი წევრი გახსნის. იცვლება პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თაობაზე გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების წესი და აღნიშნულ გადაწყვეტილებას პარლამენტი ღია კენჭისყრის საფუძველზე მიიღებს. კანონში ცალკე მუხლად ჩაიწერება კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საბჭოს წევრის არჩევის საკითხი, რომელზეც აქამდე ფარული კენჭისყრა იმართებოდა და ცვლილების შედეგად ამ შემთხვევაშიც კენჭისყრა ღია იქნება. ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, პარლამენტის თავმჯდომარეს უფლება ექნება, რომ მიმდინარე საკითხის განხილვა დროებით შეაჩეროს კენჭისყრის ჩასატარებლად.

„პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ზოგჯერ ვერ ხერხდება კენჭისყრის განსაზღვრულ დროში ჩატარება. პარლამენტის თავმჯდომარეს უფლება ექნება, მიმდინარე საკითხის განხილვა დროებით შეაჩეროს, ჩაატაროს შესაბამისი კენჭისყრა და შემდეგ გააგრძელოს დაწყებული საკითხის განხილვა“, – აღნიშნა მომხსენებელმა.

ცვლილების შედეგად იზრდება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობა და თითო ვიცე-სპიკერის პოზიცია ემატება, როგორც ოპოზიციისთვის, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობისთვის. რეგულირდება წინა მოწვევის პარლამენტიდან გადმოსული საკითხის განხილვის მიზანშეწონილობისა და ვადების საკითხიც. კომიტეტმა კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0