საპატრულო პოლიციის რეფორმის შემდგომი ეტაპი – სისტემური განახლება გრძელდება

14/12/2018

სისტემური განახლების ფარგლებში, საპატრულო პოლიციის რეფორმის შემდგომი ეტაპი გრძელდება. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს მხარდაჭერით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამზადების რამდენიმე თვიანი კურსი დაასრულეს, შედეგად უახლოეს მომავალში მუშაობის ახალი სტანდარტი დაინერგება.
სიახლის მიხედვით, გამარტივდება პატრულ -ინსპექტორების შემთხვევის ადგილზე მუშაობის პროცედურული ნაწილი, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევებში მონაწილე მძღოლების ადგილზე დაყოვნების დროს. ამერიკული მოდელის მიხედვით, პატრულ-ინსპექტორი შემთხვევის ადგილზე გამოწერს მხოლოდ საჯარიმო და ალკოჰოლური თრობის დამადასტურებელი ქვითრებს. ამისთვის კი შემუშავდა საქმის წარმოების ახალი ფორმა. შედეგად, მნიშვნელოვნად განიმუხტება გზებზე მოძრაობა და დაიზოგება ადამიანური რესურსი. სიახლე პირველ ეტაპზე შეეხება მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს.
ამავე რეფორმის ფარგლებში, საპატრულო პოლიციაში ინერგება ახალი ამერიკული მოდელი, რაც გულისხმობს სტანდარტულ, 2 კაციან საპატრულო ეკიპაჟებთან ერთად, ახალი პატრულ ინსპექტორების დამატებას, რომლებიც პატრულირებას მეწყვილეების გარეშე განახორციელებენ. შედეგად, მეტი ყურადღება დაეთმობა ქალაქის ქუჩებში საგზაო მოძრაობის რეგულირებას და პარკირების მოწესრიგების საკითხს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახაბერ საბანაძემ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) ხელმძღვანელმა მაიკლ მაკმენმა პატრულ-ინსპექტორებს სერთიფიკატები გადასცეს. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, სტუმრებს ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილის ინსცენირება მოუწყვეს, რომელშიც მონაწილეობას ამერიკელი ინსტრუქტორებიც იღებდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0