იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა. მან ახალგაზრდებს კომიტეტის სტრუქტურა, მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და საკანონმდებლო საქმიანობასთან ერთად, კომიტეტის საზედამხედველო ფუნქციებზე ისაუბრა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება პარლამენტის რეგლამენტის და კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე გამახვილდა და იგი ქვეყნისთვის წარმატებულ ნაბიჯად შეაფასა. ანრი ოხანაშვილმა სტუდენტებს პარლამენტში მისი საქმიანობის გამოცდილება გაუზიარა და კანონშემოქმედებით პროცესში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მანვე ახალგაზრდებს მათი პროფესიული ცოდნის გაღრმავებისკენ და კვალიფიციურ პედაგოგებთან აქტიური კომუნიკაციისკენ მოუწოდა.
„საპარლამენტო ცხოვრებაში აუცილებელია დიალოგი საზოგადოებასთან, მათთან კომუნიკაცია, განსაკუთრებით ჩვენს ახალგაზრდებთან და შესაბამისად, საინტერესოა მათი პოზიციების მოსმენა. შეხვედრაზე მათ კომიტეტის საქმიანობა გავაცანი და ვესაუბრე თუ რა ფუნქციები აქვს იურიდიულ საკითხთა კომიტეტს პარლამენტში. სტუდენტებს საკომიტეტო სხდომების ღიაობის შესახებ ინფორმაცია გავაცანი და კომიტეტის სხდომებზე დასწრებით და სოციალური ქსელების საშუალებით თანამშრომლობა და მოსაზრებების გაზიარება შევთავაზე“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
შეხვედრის დასასრულს კომიტეტის თავმჯდომარემ სტუდენტებს პარლამენტის აპარატში არსებული სტაჟირების წესის შესახებ ინფორმაცია გააცნო.