საპარლამენტო უმცირესობამ მხარი არ დაუჭირა საკონსტიტუციო რეფორმას და შესაბამისად, იძულებული გავხდით ორსაფეხურიანი სისტემით გადავსულიყავით 2020 წლის შემდეგ პროპორციულ სისტემაზე

04/02/2019

„კონსტიტუციის პირვანდელ ვარიანტში ჩადებული გვქონდა პროპორციული სისტემის ამოქმედება უკვე 2020 წლიდან, თუმცა, იმის გამო, რომ მაშინ ოპოზიციამ, პირველ რიგში, საპარლამენტო უმცირესობამ მხარი არ დაუჭირა საკონსტიტუციო რეფორმას, იძულებული გავხდით, ორსაფეხურიანი სისტემით გადავსულიყავით 2020 წლის შემდეგ პროპორციულ სისტემაზე“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის მოთხოვნას 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ.
ირაკლი კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო რეფორმა დასრულდა და შესაბამისად, ეს საკითხი დახურულია. მისი განცხადებით, კონსტიტუცია მიღებულია და ცხოვრება ამ კონსტიტუციური ჩარჩოთი უნდა გაგრძელდეს.

„საკონსტიტუციო რეფორმა დასრულდა. ეს საკითხი არის, შესაბამისად, დახურული. თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ გვქონდა ჩადებული პირვანდელ ვარიანტში პროპორციული სისტემის ამოქმედება უკვე 2020 წლიდან, თუმცა, იმის გამო, რომ მაშინ ოპოზიციამ, განსაკუთრებით, პირველ რიგში, საპარლამენტო უმცირესობამ მხარი არ დაუჭირა ამ საკონსტიტუციო რეფორმას, შესაბამისად, ჩვენ იძულებული გავხდით, რომ ორსაფეხურიანი სისტემით გადავსულიყავით 2020 წლის შემდეგ პროპორციულ სისტემაზე. ეს არის მოცემულობა, რომელიც, ბუნებრივია, გადახედვას ვერ დაექვემდებარება. ეს არის, რა თქმა უნდა, ნაცმოძრაობის მოთხოვნა. მათ აქვთ ერთადერთი თეორიული შანსი დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, თუ პროპორციული სისტემა იქნება შემოღებული, თუმცა, ბუნებრივია, ჩვენ სუბიექტური, კერძო ინტერესიდან ვერ ამოვალთ. ჩვენთვის მთავარია, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება. კონსტიტუცია არის მიღებული და ამ კონსტიტუციური ჩარჩოთი უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0