საპარლამენტო კომიტეტებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში განიხილეს

17/06/2022

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში განიხილეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ალექსი ბატიაშვილმა ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა 2021 წელს განვითარებულ უსაფრთხოების პროცესებზე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საფრთხეების და გამოწვევების საპასუხოდ გატარებულ ღონისძიებებზე. მისი თქმით, საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის ძირითად საფრთხეს კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია წარმოადგენდა.

„2021 წელს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლაც რჩებოდა უკანონოდ განლაგებული რუსული მძიმე შეიარაღება და სამხედრო კონტინგენტი. ადგილზე მიმდინარეობდა ინტენსიური სამხედრო წვრთნები და მილიტარიზაციის პროცესი“, – აღნიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ.

ალექსი ბატიაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსულ სამხედრო შემადგენლობასთან ერთად აქტიურად მოქმედებდნენ რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო სამსახურები. მისი თქმით, საოკუპაციო ძალები აქტიურად განაგრძობდნენ უკანონო დაკავებებს და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას, რომლის მთავარ მიზანს მოსახლეობაში დაუცველობის განცდის გაღვივება, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია და საზოგადოებაში ნიჰილიზმის გავრცელება წარმოადგენდა.

„საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს მის ხელთ არსებული ყველა ფორმალური თუ არაფორმალური მექანიზმისა და სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებას, განსაკურებით, საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის კონცენტრაციას, რათა უმოკლეს ვადებში მიაღწიოს უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების უპირობო გათავისუფლებას“, – აღნიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ.

ალექსი ბატიაშვილის განცხადებით, კვლავ პრობლემას წარმოადგენს ოკუპირებულ რეგიონებში თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული უკანონო შეზღუდვები.

„2021 წლის განმავლობაში სამსხურის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ე.წ ბორდერიზაციის 9, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით – 130 შემთხვევა დაფიქსირდა. უკანონო აქტივობები გამოიხატა როგორც ახალი მავთულხლართების გავლებაში, ასევე ძველი მავთულხლართების და ღობეების განახლებაში, ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულებისა და მიწათხრილების მოწყობაში, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერებისა და საგუშაგოების უკანონოდ აღმართვაში“, – აღნიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ.

მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გრძელდებოდა ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკა, რაც გამოიხატებოდა დე ფაქტო ხელისუფლებებთან სხვადასხვა მიმართულებით ე.წ. შეთანხმებების ხელმოწერაში, საოკუპაციო რეჟიმებისა და რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების წარმომადგენელების განცხადებებში და დე ფაქტო რეჟიმების მიერ მიღებულ ე.წ. საკადრო გადაწყვეტილებებში. ალექსი ბატიაშვილის განცხადებით, უსაფრთხოების თვალსაზრისით, 2021 წელი სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული პროცესებითა და მკვეთრად გაზრდილი საფრთხეებით იყო დატვირთული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თქმით, რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე, მომატებული საფრთხეების გათვალისწინებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უწყვეტ რეჟიმში ახდენდა ქვეყნის ტერიტორიაზე ოპერატიული ვითარების კონტროლს. ალექსი ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, გამოვლინდა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების დაინტერესების სფეროები და მისწრაფებები, მათი საქმიანობის მეთოდები და ფორმები და საფრთხეების განეიტრალების და პრევენციის მიზნით გატარდა შესაბამისი ღონისძიებები.
„ჰიბრიდულ საფრთხეებზე“ საუბრისას მომხსენებელმა აღნიშნა, რომ 2021 წელს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა ცალკეული ქვეყნებისა და მათი სპეციალური სამსახურების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიები, რომლის მთავარი სამიზნე კვლავ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხი იყო. ალექსი ბატიაშვილის განცხადებით, 2021 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კვლავ აქტიურად განაგრძობდა კონტრტერორისტულ საქმიანობას, რაც მოიცავდა ტერორიზმთან დაკავშირებული გამოწვევების იდენტიფიცირებას, ინფორმაციის მოპოვებისა და გაზიარების კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას, საფრთხეების შემცირების მიზნით პრევენციული ღონისძიებების გატარებას, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებული მექანიზმების დახვეწასა და საფრთხეებზე რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერებას. მისი თქმით, საქართველოს მიერ განხორციელებული კონტრტერორისტული საქმიანობა დადებითად შეფასდა ტერორიზმის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში.

„ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში „გლობალური ტერორიზმის ინდექსი“, საქართველო, ტერორიზმის გავლენის კრიტერიუმით შეფასებისას, რამდენიმე ათეულ ქვეყანასთან ერთად, უსაფრთხო ქვეყნად განისაზღვრა. აღნიშნული გულისხმობს, რომ საქართველოში ტერორისტული ინციდენტები არ დაფიქსირებულა და ამასთან, წინა წელთან შედარებით, ქვეყანაში ტერორიზმის კუთხით ვითარება კიდევ უფრო გაუმჯობესდა“, – აღნიშნა ალექსი ბატიაშვილმა.

მისივე თქმით, 2021 წელს, სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებების და ძალისხმევის შედეგად, საქართველოში რადიკალური/ექსტრემისტული კერები და ტერორისტული თავდასხმები არ დაფიქსირებულა, ასევე ტერორიზმის შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ანტიკორუფციული სააგენტოს საქმიანობაზე საუბრისას განაცხადა, რომ 2021 წელს, სააგენტოს მიერ გამოძიება სისხლის სამართლის 53 საქმეზე, კერძოდ, დიდი ოდენობით ქრთამის აღების, ქრთამის მიცემის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, თაღლითობისა და სხვა ფაქტებზე დაიწყო, ბრალდებულის სახით კი, სისხლის სამართლის პასუხისგებაში 162 პირი მიეცა. ალექსი ბატიაშვილის განცხადებით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, სამსახურის პრიორიტეტს კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებში საჯარო მოხელეების შესაძლო ჩართულობის პრევენცია წარმოადგენს, რისთვისაც სამსახური ცდილობს, ანტიკორუფციული სააგენტოს შემადგენლობაში შემავალი კორუფციის პრევენციის სამსახურის პროფესიული და ინსტიტუციური შესაძლებლობები გააძლიეროს. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განაცხადებით, უსაფრთხოების სამსახურსა და კანონმდებლებს შორის არასდროს ისეთი მჭიდრო თანამშრომლობა არ ყოფილა, როგორიც არის დღეს.

„სამივე კომიტეტს აქვს ძალიან მჭიდრო, გამორჩეული თანამშრომლობა უსაფრთხოების სამსახურთან. ეს გამოიხატება ჩვენს რეგულარულ სამსახურებრივ კონტაქტებში. როგორც საზედამხედველო საქმიანობაში, მათ შორის. კომიტეტის და ნდობის ჯგუფის ფარგლებში, ასევე. საზედამხედველო ვიზიტებში და სხვადასხვა თემატურ საკითხებში კონსულტაციებში. ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არასდროს უსაფრთხოების სამსახურსა და კანონმდებლებს შორის ისეთი მჭიდრო თანამშრომლობა არ ყოფილა, როგორიც არის დღეს“, – აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

ანგარიშის წარდგენის დასრულების შემდეგ, გაერთიანებული კომიტეტების სხდომა დახურულ ფორმატში გაგრძელდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0