2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ მორიგი სხდომა გამართა. სხდომას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი უძღვებოდა. შეხვედრაზე გაეცნენ წინასაარჩევნო პერიოდში პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მოწოდებულ ინფორმაციას და აღნიშნულ ინფორმაციაზე მოისმინეს უწყებების რეაგირების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის ეგიდით წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის პრევენციისა და ძალადობის წინააღმდეგ სპეციალური კამპანია „ძალა ვნებს არჩევნებს“ დაწყებულია. საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, მშვიდობიანი არჩევნების ჩატარებისთვის გაერთიანდნენ და ერთი ვიდეორგოლი ჩაწერეს. პოლიტიკოსები − პარტიის ცნობილი სახეები − ამომრჩევლებს მოუწოდებენ, კარგად გააცნობიერონ, თუ რა მნიშვნელოვანია არჩევნების ძალადობისაგან თავისუფალ გარემოში ჩატარება.
საინფორმაციო კამპანიის მიზანია, თითოეულმა ამომრჩეველმა, პოლიტიკური პარტიების ყველა მხარდამჭერმა გააცნობიეროს, რა ზიანი მოაქვს ქვეყნისთვის წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ ძალადობას, და სხვადასხვა შეხედულებისა და პოლიტიკური სიმპათიების მქონე მოქალაქეები ერთი მიზნით გააერთიანოს − 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში მშვიდ გარემოში, უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტებთან შესაბამისად ჩატარდეს.
წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის წინააღმდეგ ერთობლივ ვიდეორგოლში მონაწილეობა პოლიტიკურ პარტიებს იუსტიციის მინისტრმა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის 2016 წლის 7 სექტემბრის სხდომაზე შესთავაზა. თეა წულუკიანმა საარჩევნო სუბიექტებს მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ უპრეცედენტო საარჩევნო რგოლში, რომელსაც ერთი სათქმელი ექნება − „ძალა ვნებს არჩევნებს“. აღსანიშნავია, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების პარტიები საქართველოში არასდროს გაერთიანებულან ერთიანი მოწოდებით არჩევნებზე ძალადობის წინააღმდეგ.
იუსტიციის მინისტრის წინადადებას 11 საარჩევნო სუბიექტი გამოეხმაურა: საინფორმაციო კამპანიის წარმოების, ისევე როგორც კლიპის დამზადებისა და განთავსების, ხარჯებს იუსტიციის სამინისტრო გაიღებს.
უწყებათაშორისი კომისია სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის იუსტიციის მინისტრის 29 ივნისის ბრძანებით შეიქმნა და მან პირველი სხდომა 13 ივლისს გამართა. კომისია ორ კვირაში ერთხელ იკრიბებოდა, სექტემბრიდან კი სხდომები კვირაში ერთხელ ტარდება.
უწყებათაშორისი კომისიის დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები (შინაგან საქმეთა; საგარეო საქმეთა; ფინანსთა; თავდაცვის; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის; განათლებისა და მეცნიერების; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების მოადგილეები; აგრეთვე, მთავარი პროკურორისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი), კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების, სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია საქმიანობას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან შეწყვეტს.
საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ მორიგი სხდომა გამართა
22/09/2016