დღეიდან კლინიკა „მედსი“ (მის:ქიაჩელის18) და „საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი“ (მის:წინამძღვრიშვილის57) 24 საათიან სამუშაო რეჟიმზე გადადის. ვირუსულ პაციენტებს საშუალება ექნებათ, ოჯახის ექიმის კონსულტაცია და საჭირო გამოკვლევები სადღეღამისო რეჟიმში მიიღონ.
ხვალიდან კი 112-ში ახალი პროტოკოლი დაინერგება და ყველა ვირუსული გამოძახება არა სასწრაფო სამედიცინო დახმარების, არამედ საოჯახო მედიცინის ცენტრებს გადაეცემა. ხვალიდანვე ოჯახის ექიმები გამოძახების რეჟიმზე გადავლენ. ამ ჩამონათვალს ქალაქის სხვადასხვა წერტილში პირველადი ჯანდაცვის რამდენიმე ცენტრი დაემატება, მათ შორის ერთ-ერთი, რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე, სადაც ჯანდაცვის მინისტრისა და სამინისტროს სამსახურებრივი მანქანები განთავსდება. ვირუსულ გამოძახებებზე ოჯახის ექიმები თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გამოყოფილი მსუბუქი ავტომობილებითაც გავლენ. სპეციალურად ამისთვის, ცენტრმა ხუთი სატრანსპორტო საშუალება გამოჰყო.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, აღნიშნული ღონისძიებები სასწრაფო სამედიცინო დახმარების მუშაობის ნორმალიზებისკენაა მიმართული და გრიპის ეპიდემიის საშიშროებით არ არის განპირობებული. როგორც უწყების ხელმძღვანელმა განმარტა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებათა 60% არამიზნობრივია და ამის გამო ბოლო პერიოდში, დედაქალაქში გადაუდედებელი დახმარების მიწოდების პრობლემა დადგა. მოიმატა როგორც დაყოვნებული, ისე შეუსრულებელი გამოძახებების რაოდენობამ. საოჯახო მედიცინის ცენტრის ამოქმედება აუცილებელია, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების რესურსი მოხმარდეს გადაუდებელ შემთხვევებს და მათ არ შეითავსონ ოჯახის ექიმის ფუნქცია, ისე, როგორც ეს ხდება ახლა. „ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები არ არის მიმართული ეპიდემიის სამართავად, არამედ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების მუშაობის ნორმალიზებისთვის და არა პირიქით – მათ საგანგებო რეჟიმზე გადასაყვანად“ – განაცხადა დავით სერგეენკომ.
ვირუსული პაციენტების სადღეღამისო მედიცინის ცენტრების ამოქმედების გადაწყვეტილება გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა საგანგებო თათბირზე მიიღო.
საოჯახო მედიცინის სადღეღამისო ცენტრები დღეიდან ამოქმედდება
21/01/2016