რეფერენდუმის თემით მანიპულირება არის მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური შანტაჟის მცდელობა, – ასე შეაფასა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, გავრცელებული ინფორმაცია, სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის გამართვა. როგორც მან განაცხადა, რეფერენდუმის ჩატარების საკითხი ახალი თემა არ არის. რეფერენდუმის მოთხოვნა რუსეთთან მიერთების საკითხზე არის აბსოლუტურად შეუსაბამო და იმის დამადასტურებელი, რომ ამის უკან დგას პოლიტიკური ამოცანა, რათა მოხდეს გარკვეული შანტაჟი საქართველოსთვის მნიშვნელოვან პერიოდში.
„ზოგადად, რეფერენდუმის თემით მანიპულირება, ჩემი აზრით, არის მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური შანტაჟის მცდელობა. ეს არ გახლავთ ახალი თემა. ძალიან წინააღმდეგობრივია დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადება იმასთან დაკავშირებით, თუ რას აპირებენ. ერთი მხრივ, ისინი საუბრობენ მიღწეულ ამოცანაზე, რომელიც არის დამოუკიდებლობა და მეორე მხრივ, საუბრობენ რუსეთთან მიერთებაზე. ეს არის აბსოლუტურად შეუსაბამო და ხაზს უსვამს, რომ ამის უკან დგას პოლიტიკური ამოცანა, რათა მოხდეს გარკვეულწილად საქართველოს შანტაჟი. პერიოდი გახლავთ საინტერესო ჩვენი ქვეყნისთვის. ველოდებით ასოცირების შეთანხმებიდან ხელშესახებ სარგებელს, მათ შორის ვიზალიბერალიზაციას, წინ არის ასევე ნატო-ს სამიტი და როგორც ჩანს, ამ თემით სპეკულირება გარკვეული პოლიტიკური ამოცანების შესრულებას ისახავს მიზნად“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
რეფერენდუმის არც პროცესს და არც შედეგს არანაირი სამართლებრივი ძალა არ გააჩნია. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს.