რუსეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ შეთანხმება „სახელმწიფო საზღვრის“ შესახებ რუსულ ინტერესებს სრულად შეესაბამება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა, სახელმწიფო დუმაში, ე.წ. შეთანხმების რატიფიცირების საკითხის განხილვისას განაცხადა.
მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცესი 2010 წლიდან მიმდინარეობდა, რა დროსაც მოხდა ე.წ. საზღვრის 74-კილომეტრიანი მონაკვეთის დელიმიტაცია.
„ერთობლივ სამუშაოში დავეფუძნეთ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვარს, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტში, რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკასა და საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას შორის არსებობდა“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.
მისი თქმით, აღნიშნული დოკუმენტის რატიფიცირება საშუალებას მისცემს რუსეთს, „დაიწყოს სამხრეთ ოსეთთან საზღვრის დემარკაციის პროცესი“.
დოკუმენტს გასული წლის 18 თებერვალს მოეწერა ხელი.